17.01.2011

 

 

 

”მწვანეები” ”წითლების” წინააღმდეგ.

 

 

 

 

მიმდინარე წლის 16 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მთავარმა გუნდმა მომზადების პირველი ეტაპის მეორე ციკლი დაიწყო. სეზონის განახლებისათვის მზადების ეს ეტაპი მიზნად ფეხბურთელთა ფუნქციონალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აქცენტის გადატანას ითვალისწინებს.

 

17 იანვარს ზესტაფონელებმა ერთმანეთში ორმხრივი შეხვედრა ჩაატარეს. გია გეგუჩაძემ პირველი გუნდის ფეხბურთელები, რომლებსაც სინჯებზე მყოფი და კლუბის დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებიც შეემატნენ, ორ პირობით გუნდად - ”მწვანეებად” და ”წითლებად” დაჰყო და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე საინტერესო ”ბურთაობა” გაჩაღდა.

”მწვანეები”: მეშველიანი, მაკარიანი, ონიანი, მნათობიშვილი, ალადაშვილი (თ. გრიგალაშვილი), მიქაბერიძე, დაუშვილი, გორგიაშვილი, აფციაური (შ. გრიგალაშვილი), გელაშვილი (ლომია), ლომია (ჩიხლაძე).

”წითლები”: მამალაძე, ელიავა, გაგოშიძე, გრუიცა, ბენაშვილი (ალადაშვილი), შ. გრიგალაშვილი (ჭანკოტაძე), ძარია, ბაბუნაშვილი, ვუჩემილოვიჩ-გრგიჩი, დვალი, წინამძღვრიშვილი.

შეხვედრა ”წითლების” შეტევებით დაიწყო და მალევე მათ ანგარიშიც გახსნეს - მარინ ვუჩემილოვიჩ-გრგიჩის დროული გადაცემით ჯაბა დვალმა იხეირა. მალევე ანგარიშის გათანაბრება ნიკოლოზ გელაშვილს შეეძლო, მაგრამ 11-მეტრიანი ნიშნულიდან მისი დარტყმული ზურაბ მამალაძის ნადავლი აღმოჩნდა. ოდნავ მოგვიანებით ნიკოლოზ გელაშვილმა მაინც აღადგინა ”სტატუს-ქვო” - მან ამის გაკეთება კახა ალადაშვილის ფლანგური სოლო-რეიდისა და უზუსტესი პასის შემდეგ მოახერხა. შეხვედრის პირველი ნახევრის მიწურულს 2 საგოლე გადაცემით რატი წინამძღვრიშვილმა გამოიჩინა თავი. პირველ ეპიზოდში მისი გადაცემით მარინ ვუჩემილოვიჩ-გრგიჩმა გაიტანა, ხოლო მეორეს შემდეგ ჯაბა დვალი ”დუბლის” ავტორის რანგში მოგვევლინა. მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისი, პირველის დებიუტის მსგავსად, მარინ ვუჩემილოვიჩ-გრგიჩის კიდევ ერთი საგოლე გადაცემითა და ჯაბა დვალის კიდევ ერთი საგოლე შეხებით გამოდგა დასამახსოვრებელი. დარჩენილ დროში ”მწვანეებმა” კი იაქტიურეს, მაგრამ ერთადერთი, რის გაკეთებაც მათ მოახერხეს, ნიკოლოზ გელაშვილის კიდევ ერთი გოლი გახლდათ. ”წითლების” გამარჯვება ანგარიშით 4-2.

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზის გამო, დღევანდელ ”შიდა დაპირისპირებაში” მონაწილეობა ვერ მიიღეს გოგი ფიფიამ, მამუკა კობახიძემ, გიორგი ხიდეშელმა და როინ კვასხვაძემ. ყველა ეს ფეხბურთელი მზადების პროცესს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.

.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005