15.01.2011

 

 

 

ზემოიმერლები მზადებას განაგრძობენ.

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს. კლუბის პირველი გუნდის მსგავსად, სეზონის განახლებისათვის მზადებას მარგველთა დუბლშემადგენლობაც შეუდგა.

 

მიმდინარე წლის 14 იანვარს მთავარმა გუნდმა მომზადების პირველი ეტაპის პირველი ციკლი დაასრულა. მომზადების ამ ეტაპზე ზემოიმერელთა სამწვრთნელო შტაბმა აქცენტი ფეხბურთელთა ფუნქციონალური მდგომარეობის შემოწმებაზე გააკეთა. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები ჯერ კიდევ დეტალურ ანალიზს ექვემდებარება, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მზადების ამ სტადიისათვის საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა კონდიციები დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს.

მომზადების პირველი ეტაპის მეორე ციკლი, რომელიც 16 იანვარს დაიწყება, მიზნად ფეხბურთელთა ფუნქციონალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აქცენტის გადატანას ითვალისწინებს. პარალელურად, ესპანეთში გამგზავრებამდე, დაგეგმილია 2 საკონტროლო მატჩის გამართვაც - 17 იანვარს ზესტაფონელები ერთმანეთში ორმხრივ შეხვედრას ჩაატარებენ. ხოლო 23 იანვარს გეგმაშია სპარინგ-მატჩის გამართვა. მარგველთა სპარინგ-პარტნიორის ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005