ინტერვიუ ნიკოლოზ გელაშვილთან.
“ჯერჯერობით, “ზესტაფონში” ვარ და რომელი კლუბია ჩემით დაინტერესებული ან რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ვერ გეტყვით. უბრალოდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ისე კი, უცხოეთის კლუბში წასვლის სურვილი რომელ ქართველ ფეხბურთელს არ აქვს...” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” იმერული კლუბისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ფორვარდმა, ნიკა გელაშვილმა.
თუ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე რომელიმე ფეხბურთელზე იტყვი, სატრანსფეროდ მომწიფებულიაო, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ნამდვილად გელაშვილია.
- “ზესტაფონს” საახალწლო არდადეგები დაუმთავრდა. რამდენად ნაყოფიერად მიმდინარეობს მზადება?
- ჯერ ორი დღეა, რაც ვვარჯიშობთ. ამ დროს ყოველთვის ძნელია მზადება, მაგრამ ნელ-ნელა უფრო გავხურდებით. ჯერ ფიზიკური ვარჯიშებია, ტრენაჟორები და ასე შემდეგ. ბურთს არ შევხებივართ...
- სეზონის პირველ ნახევარზე ვისაუბროთ. უკმაყოფილო არ იქნებით თქვენი თამაშით.
- მეტიც შემეძლო. შუა პერიოდში მცირე ჩავარდნა მქონდა, გოლები ვერ გამქონდა. თუმცა, ბოლო ტურებში მოვუმატე და მოხარული ვარ, რომ ეს გუნდის შედეგებსაც დაეტყო. ჩემპიონატს ვლიდერობთ და თასის ნახევარფინალშიც გავედით, თანაც, “ოლიმპი” გამოვთიშეთ. კიდევ ვიმეორებ, ხარვეზები იყო, მაგრამ ფეხბურთია და სხვაგვარად არ გამოდის.
- “ზესტაფონმა” ორჯერ წააგო “დინამოსთან”. საერთოდ, ისე ჩანდა, თითქოს ლიდერებთან მატჩებში გიჭირდათ.
- ლიდერებთან გვიჭირდა-მეთქი, ვერ ვიტყვი. რომ ვერ ვიგებდით, ეს ჩვენი ბრალი იყო.
- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად ვის თვლით?
- “დინამო” რომ უეჭველად ბოლომდე იბრძოლებს, თქმა არ უნდა. “ოლიმპიც” კარგი გუნდია და ჩემი აზრით, “ტორპედოც” მოუმატებს.
- საუკეთესო ბომბარდირობა მიზნად გაქვთ?
- რა თქმა უნდა. ფორვარდი ვარ და გოლების გატანა ძალიან მსიამოვნებს.
- საბერძნეთის, სლოვენიისა და კამერუნის დონის ნაკრებებთან ითამაშეთ – ალბათ, ძალიან ძნელია, როცა ქართულ კლუბს ეთამაშები და უცებ ასეთ დონეზე გადიხარ. თქვენზე რამდენად მოქმედებს?
- ძნელია. სულ სხვა სიტუაციაა მინდორზე, სხვა ტემპია, სხვა დონის აზროვნება. ფსიქოლოგიურადაც რთულია.
- ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაია ფლანგზე, უკანდაწეულს გათამაშებთ. ეს უხერხულობას არ გიქმნით?
- დიახ, არის ეგ მომენტი. სიღრმიდან თამაში ისე კარგად არ შემიძლია, როგორც წინ. არ არის ეს ჩემი პოზიცია, მაგრამ როცა საქმე ეროვნულ ნაკრებთან გაქვს, ნებისმიერ ადგილზე უნდა ითამაშო. მწვრთნელი ასე თვლის საჭიროდ? მეც უნდა დავთანხმდე.
|