08.01.2011

 

 

 

სტატისტიკა და ციფრები.

 

 

 

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში ზამთრის პაუზაა და გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ გარკვეული სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივინდუალურ მიღწევებს უკავშირდება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართული აქვს 202 მატჩი, აქედან 115 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 41 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 46 -ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 333-169. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 386 ქულა.

სწორედ მიმდინარე სეზონში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” იზეიმა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩებში მეტოქეთა კარში გატანილი საიუბილეო 300-ე გოლი. რუსთავის ”ოლიმპთან” 2010 წლის 29 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში საიუბილეო გოლის ავტორად ნიკოლოზ გელაშვილი მოგვევლინა. საინტერესოა, რომ სწორედ ნიკოლოზ გელაშვილი გახლავთ მარგველთა 200-ე გოლის ავტორიც, მან ის 2008 წლის 2 ნოემბერს ”გაგრასთან” მოგებულ მატჩში გაიტანა. 100-ე გოლი 2006 წლის 18 ნოემბერს ლეგენდარულმა ზურაბ იონანიძემ თელავში გაიტანა, ხოლო უმაღლეს ლიგაში ”ზესტაფონის” პირველი გოლი გიორგი ქურციკიძის ანგარიშზეა (2004 წლის 2 აგვისტო, ს. კ. ”თბილისთან” საშინაო შეხვედრა).

2010 წლის 26 ნოემბერს ”სამტრედიასთან” 7-0 მოგებული მატჩი არა მხოლოდ იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ კლუბის ისტორიაში დაფიქსირებული სარეკორდო ანგარიში განმეორდა (2007 წლის 16 მაისს ასეთივე ანგარიშით დასრულდა მატჩი თელავის "კახეთთან"), არამედ იმითაც, რომ ეს დაპირისპირება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისთვის" ეროვნულ ჩემპიონატში გამართული 200-ე მატჩი გახლდათ.

გიორგი ხიდეშელი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების საპატიო ”100-მატჩიანი ზღვარი” გადალახა. მან ეს რუსთავის ”ოლიმპთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში მოახერხა და ”ზამთრის არდადეგებს” 104-მატჩიანი მაჩვენებლით შეეგება. მანამდე ამ მიღწევით მხოლოდ 2 ფეხბურთელი თუ მოიწონებდა თავს - სევასტი თოდუას ”ზესტაფონის” ღირსება 116, ხოლო ზურაბ იონანიძეს - 112 შეხვედრაში დაუცავთ. გუნდში სადღეისოდ მოასპარაზე ფეხბურთელთაგან ”100-მატჩიანი ზღვარს” ყველაზე ახლოს ალექს ბენაშვილი მიუახლოვდა - იმერელთა ნახევარმცველის ანგარიშზე გუნდის მაისურით გამართული 98 მატჩია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კლუბის ღირსება ერთბაშად 6 ეროვნულ ჩემპიონატში 4 ფეხბურთელს დაუცავს - ზემოთ ნახსენებ ზურაბ იონანიძეს, გიორგი ხიდეშელს და ალექს ბენაშვილს გვერდს მარგველთა გოლკიპერი როინ კვასხვაძე უმშვენებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კლუბის საუკეთესო გოლეადორთა ”ჭიდილი” - სადღეისოდ 48-48 გოლით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს ზურაბ იონანიძე და ნიკოლოზ გელაშვილი ინაწილებენ. შესაბამისად 20 და 19 გატანილი გოლით, მათ კვალში გოგა ფიფია და ჯაბა დვალი მიჰყვებიან.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005