”ზესტაფონი” მზადებას კვირის ბოლოს შეუდგება.
|
”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას 8 იანვარს დაიწყებს.
|
მიმდინარე წლის 8 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას შეუდგება.
საგაზაფხულო ”ბრძოლებისათვის” ეროვნული ჩემპიონატის ლიდერის საუკეთესოდ მომზადების მიზნით, გუნდის ხელმძღვანელობას განზრახული აქვს ორი მოსამზადებელი ეტაპის ჩატარება. 8-9 იანვარს თბილისში დაგეგმილი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, 10 იანვარს ზემოიმერული კლუბი ზესტაფონში შეიკრიბება. მშობლიურ ქალაქში გუნდი 23 იანვრამდე დაჰყოფს. იგეგმება ფეხბურთელთა თეორიულ და ფუნქციონალურ კონდიციებზე მუშაობა ...
25 იანვარს, მომზადების დასკვნითი, მეორე ეტაპის გასავლელად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, შარშანდელის მსგავსად, ორი კვირით მიემგზავრება ესპანეთის სამეფოში. ხმელთაშუა ზღვის ანდალუსიურ სანაპიროზე, სადაც საფეხბურთო კოლექტივის ნაყოფიერი წვრთნისა და მზადებისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი, მარგველები თავდაპირველად ამხანაგურ მატჩებში მოსინჯავენ ძალებს, ხოლო 2 თებერვლიდან საკმაოდ პრესტიჟული ”მარბელიას თასის” გათამაშებაშიც ჩაებმებიან. ტურნირი, რომელშიც ზესტაფონელთა გარდა, რუსული ”ცსკა” (მოსკოვი) და ”ყუბანი” (კრასნოდარი), უკრაინული ”შახტარი” (დონეცკი) და ”დნიპრო” (დნეპროპეტროვსკი), პოლონური ”პოლონია” (ვარშავა), ჩეხური ”სპარტა” (პრაღა) და ბულგარული ”ლოკომოტივი” (პლოვდივი) მიიღებენ მონაწილეობას, 1-8 თებერვალს გაიმართება. საინტერესოა, რომ ტურნირი მეოთხედფინალური სტადიით დაიწყება, მასში მონაწილე ყველა გუნდს 3-3 მატჩის გამართვა მოუწევს, ”მარბელიას თასზე” პირველიდან მერვეს ჩათვლით ყველა ადგილი გათამაშდება. |