ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.
თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს.
ეროვნული ჩემპიონატის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, “ზესტაფონის” ფეხბურთელები შვებულებაში კი გავიდნენ, მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს არ დაუსვენია. იმერელთა თავკაცი კიევში იმყოფებოდა, სადაც 2006 წელს Pro-ლიცენზია აიღო და ახლაც, უკრაინის დედაქალაქში მისი სტუმრობა სამწვრთნელო საქმიანობას უკავშირდებოდა. თბილისში დაბრუნებულ გეგუჩაძესთან, “მსოფლიო სპორტმა” საუბარი სწორედ კიევური ვიზიტით დაიწყო.
- კიევში თქვენი ვიზიტი რას უკავშირდებოდა?
- საერთოდ, Pro-ლიცენზია სამი წლით გაიცემა. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ლიცენზია უნდა განახლდეს, რასაც სწავლების გარკვეული საათები ეთმობა. კიევში ყოფნა სამი დღე მომიწია და ჩემი ლიცენზიაც განვაახლე.
- შოთა არველაძეს და კახა ცხადაძეს თუ შეხვდით, რომელთაც Pro-ლიცენზიები გასულ კვირას აიღეს?
- არველაძესთან ერთად ყოფნა სამი დღე მომიწია. მან გამოცდები ჩააბარა და ლიცენზიაც აიღო. ცხადაძეს ერთი გამოცდა ჰქონდა დარჩენილი და ისიც Pro-ლიცენზიის მფლობელი გახდა.
- რატომ ირჩევს პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელი მწვრთნელების უმრავლესობა, მათ შორის ქართველები, Pro-ლიცენზიის ასაღებად მაინც და მაინც კიევს?
- ერთი მარტივი მიზეზის გამო – სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, კარგა ხნის განმავლობაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, უკრაინა ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც Pro-ლიცენზიის აღება შეიძლებოდა. მგონი, ახლა მისი გაცემის უფლება რუსეთსაც მისცეს, სადაც, კარგად იცით, ქართველებისთვის ჩასვლა ცოტა პრობლემატურია.
- კიევში ყოფნის პერიოდში, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/2-ფინალური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა და მეტოქედ ქუთაისის “ტორპედო” შეგხვდათ. კენჭისყრის შედეგმა რამდენად დაგაკმაყოფილათ?
- შედეგი ჩვეულებრივად მივიღეთ, როგორც უნდა მიგვეღო. ჩვენი კლუბი მაღალ მიზნებს ისახავს და ნებისმიერ მეტოქესთან მოსაგებად გადის. იმედი მაქვს, რომ სათასო მატჩებისთვის ფორმაში ვიქნებით. მოწინააღმდეგეს სერიოზულად ვაფასებთ და იოლ თამაშს არ ველით.
- “ზესტაფონის” მიზანი საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოგებაა, თუ აქცენტს მხოლოდ ჩემპიონატზე გააკეთებთ?
- დუბლის შესრულება გვინდა, ცხადია, რაც მეტ ტიტულს მოვიპოვებთ, უფრო კარგია. ამიტომ, ჩემპიონობასთან ერთად, უარს არც თასზე ვიტყვით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენსას ვეცდებით.
- ეროვნული ჩემპიონატის პირველ ნახევარში გუნდის გამოსვლამ, რამდენად დაგაკმაყოფილათ?
- პირდაპირ გეტყვით, რომ თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს. ამას სიტყვის მასალად ნამდვილად არ ვიძახი. ამიტომ, ცხადია, კმაყოფილი არ ვართ. რიგ თამაშებში უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ კონცენტრაცია და მონდომება დაგვაკლდა. ვერ გამოვიყურებოდით ისე, როგორც საჭიროა. მეტი სტაბილურობა გვჭირდება. შეგვეძლო, კონკურენტებზე წინ უფრო მეტი ჰანდიკაპით ვყოფილიყავით. ვფიქრობ, ჩემპიონატში მთელი ბრძოლა წინ გვაქვს. არ უნდა მოვდუნდეთ. მითუმეტეს, უშუალო კონკურენტებში - “დინამოში” და “ოლიმპში” ბევრი რამ შეიცვალა. ვთვლი, რომ ჩემპიონობას ეს ორი კლუბი შეგვეცილება.
- ზამთრის შესვენების პერიოდში, “ზესტაფონის” შემადგენლობაში ცვლილებები თუ არის მოსალოდნელი?
- ამჟამად, კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელზე ვერ გეტყვით წავა თუ დარჩება. კლუბს თავისი სატრანსფერო პოლიტიკა გააჩნია. უშუალოდ ცვლილებებზე საუბარი, საქართველოში პირველი მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. შესაძლოა, ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ, ან კიდევ, კლუბი რომელიმე მოთამაშემ დატოვოს. გუნდი 10 იანვარს შეიკრიბება და ვარჯიშს ზესტაფონში განაახლებს. თუმცა, ამინდმა ხელი თუ არ შეგვიწყო, საწვრთნელ პროცესში გარკვეული კორექტივების შეტანა მოგვიწევს. 25 იანვარს ესპანეთში გავემგზავრებით, სადაც ერთი კვირა ვივარჯიშებთ, ხოლო შემდეგ, მარბელას ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც 2-დან 8 თებერვლამდე გაიმართება.
- თქვენი აზრით, გუნდს გაძლიერება რომელ სათამაშო რგოლებში სჭირდება?
- კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ გაძლიერება არ გვაწყენდა, რადგან არის პრობლემატური პოზიციები. სასურველი იქნება, ნებისმიერ პოზიციაზე სრულფასოვანი 2 ფეხბურთელი გვყავდეს. ეს კონკურენციას ზრდის და მოთამაშეც ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია.
- რით ახსნით, რომ “ზესტაფონს” თბილისის “დინამოსთან”გასული წლიდან მოყოლებული (ბოლოს, ზესტაფონელებმა თბილისელები 2009 წლის 29 აგვისტოს, 4:1 დაამარცხეს), როგორც შინ, ასევე, სტუმრად თამაში უჭირს და ერთხელაც არ მოუგია?
- გეთანხმებით, რომ “დინამოსთან” დადებითი შედეგი არ გვაქვს. თუ რატომ, ამის ახსნა ასე იოლი არ არის. “ზესტაფონი” და “დინამო” ის ორი გუნდია, რომელიც ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ჩვენი შეხვედრა ყოველთვის უკომპრომისო და უშეღავათოა. “დინამოსთან” კიდევ ორი მატჩი გვაქვს ჩასტარებელი და შევეცდებით დავამარცხოთ.
|