თვის ნომინანტები (ნოემბერი-დეკემბერი).
გუნდი - ”ზესტაფონი”, მწვრთნელი - გია გეგუჩაძე, ფეხბურთელი - ნიკოლოზ გელაშვილი.
ეროვნული ჩემპიონატის ნოემბერ-დეკემბრის ცხრილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საუკეთესო გუნდად ”ოლიმპი” უნდა მიჩნეულიყო: ხუთ შეხვედრაში 13 ქულა მოაგროვა და ერთით აჯობა ”ზესტაფონს”. თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ 5 ნოემბერს ამ გუნდებს შორის ჩატარებული ჩემპიონატის მატჩში ”ოლიმპმა” შეძლო და უშუალო კონკურენტი მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა; მაგრამ, ამის მერე მოვლენები აშკარად უცნაურად განვითარდა: ”სამტრედიასთან” ფრედ დამთავრებული მატჩიდან სულ მოკლე დროში ”ოლიმპში” მორიგი სამწვრთნელო ცვლილება მოხდა... უბრალოდ, მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ”ოლიმპისა” და ”ზესტაფონის” გზები დეკემბერში კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, როცა ეს გუნდები თასის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.
აი, ამ შემთხვევაში კი ”ზესტაფონის” უპირატესობა აშკარა იყო: პირველ მატჩში გია გეგუჩაძის გუნდმა სამი უპასუხო გოლი გაიტანა მეტოქის კარში და, ფაქტობრივად, განმეორებით შეხვედრას აზრიც დაეკარგა. ყოველ შემთხვევაში, მართლაც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა ის ფაქტი, რომ ”ზესტაფონი” შარშანდელ ფიასკოს გაიმეორებდა, როცა ასევე მეოთხედფინალში პირველ მატჩში მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. სენსაციაც არ მოხდა: თასის განმეორებით მეოთხედფინალში ”ზესტაფონმა” აუღელვებლად და დაუძაბავად შეძლო თავისთვის სასურველი შედეგის მიღწევა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა; ამას გარდა, გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონატში მართლაც შთამბეჭდავი სერია გამოაცხო და პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილ ოთხ მატჩში მეტოქეთა კარში 16 გოლი გაიტანა!
ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ სათასო მატჩების ჩათვლით ნოემბერ-დეკემბერში ”ზესტაფონმა” შვიდ შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და საკუთარში მხოლოდ ერთი მიიღო (”ოლიმპის” მცველის, ალექსანდრე კვახაძისგან). საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ამ 19 გოლიდან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გუნდის ფორვარდებმა გაიტანეს და სხვა ამპლუის ფეხბურთელთაგან მხოლოდ თორნიკე აფციაური ”ჩაერია” თანაგუნდელი თავდამსხმელების ერთგვარ ”დაუსწრებელ შეჯიბრში”; ახლა კი, ”ზესტაფონის” მართლაც მრისხანე ფორვარდების მაჩვენებელსაც გავეცნოთ: ნოემბერ-დეკემბერში ნიკოლოზ გელაშვილმა მეტოქეთა კარში 8 გოლი გაიტანა, რატი წინამძღვრიშვილმა - 6, ჯაბა დვალმა კი - 4. წინამძღვრიშვილზე ცალკე ვისაუბრებთ, ახლა კი მხოლოდ იმის თქმა გვსურს, რომ ”ზესტაფონმა” აბსოლუტურად დამსახურებულად მოიპოვა ”ზამთრის ჩემპიონის” არაოფიციალური ტიტული.
მართალია, გია გეგუჩაძის გუნდი თავის უშუალო კონკურენტს ”ოლიმპს” მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით (მოგებათა მეტი რაოდენობით) სჯობს, მთლიანობაში ”ზესტაფონი” ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტია, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში ყველაზე სანახაობრივ (გნებავთ, თანამედროვე) ფეხბურთს უჩვენებს; თუმცა, ამას გარდა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით სწორედ ”ზესტაფონს” ჰყავს ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა და ამ გუნდის წინაშე არასდროს დამდგარა ”სათადარიგოთა სკამის” პრობლემა.
ყოველივე ზემოთქმული კი, რაღა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის დამსახურებაა, - საკუთარი გუნდის თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობებს რაციონალურად და მაქსიმალურად რომ იყენებს. კიდევ ვიმეორებთ: ასეთი კონტიგენტით საქართველოს ჩემპიონატში ვერც ერთი გუნდი დაიკვეხნის და მთავარი მწვრთნელის კიდევ ერთ პლუსად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ გია გეგუჩაძე თითქმის ყველა მატჩში გონივრულ როტაციას (გნებავთ, უშუალოდ მატჩის მსვლელობისას განხორციელებულ შეცვლებს) მიმართავს-ხოლმე.
სხვათა შორის, სეზონის დაწყებიდან დღემდე გია გეგუჩაძე უკვე მეორედ მივიჩნიეთ ”თვის მწვრთნელად”, - ასეთი შედეგი კი მის კოლეგებში არავის ჰქონია. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ჩვენი ტრადიციული რუბრიკის ნომინანტი ბესიკ შეროზია (”კოლხეთი”) გახლდათ, სექტემბერში - გია გეგუჩაძე (”ზესტაფონი”); აი, ოქტომბერში კი ერთდროულად ორი მწვრთნელი მივიჩნიეთ საუკეთესოებად: კახა კაჭარავა (”დინამო”) და გია გიგატაძე (”ტორპედო”)...
დაბოლოს, ნოემბერ-დეკემბრის სხვა გამორჩეულ ფაქტებზეც; სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდა სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩიც (”ზესტაფონი”-”სამტრედია” 7:0) და კონკრეტული ფეხბურთელის კიდევ ერთი ჩინებული მაჩვენებელიც. ნიკოლოზ გელაშვილზე მოგახსენებთ: ჯერ 26 ნოემბერს, შემდეგ კი 11 დეკემბერს მეტოქეთა კარში 3-3 გოლი რომ გაიტანა! ჰოდა, ნოემბერ-დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელობა სწორედ ჩემპიონატში ორი ”ჰეთ-თრიქის” შემსრულებელს ნიკოლოზ გელაშვილის ვარგუნეთ!..
|