23.12.2010

 

 

 

ჩვენი მეტოქე - ქუთაისის ”ტორპედო”.

 

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალური წყვილები გაირკვა. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” მეტოქედ ქუთაისის “ტორპედო” ერგო.

 


იმერული გუნდები ეროვნული თასის წინა გათამაშებაშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 2009 წლის 21 ოქტომბერს ქუთაისში გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ჯაბა დვალისა და თორნიკე აფციაურის გოლების წყალობით 2-0 დაამარცხეს ქუთათურები და გათამაშების მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვეს...

 

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კი "ზესტაფონი" და "ტორპედო" ათჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და აქაც უპირატესობა მარგველთა მხარეს არის: 6 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება. ბურთების სხვაობა - 13-11. ამ მატჩებში ზესტაფონელთა რიგებში ყველაზე მეტი (6) გოლის გატანა ექს-ტორპედოელმა ზურაბ იონანიძემ მოახერხა. დავით ჯანაშია კი ერთადერთი ფეხბურთელი გახლავთ, რომელმაც ორივე გუნდშიც იასპარეზა და ორივე გუნდის კარის დალაშქვრაც მოახერხა.


ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალური სტადიის მატჩები გაზაფხულზე ჩატარდება. “ტორპედო”-“ზესტაფონის” წყვილის პირველ მატჩს 19 აპრილს ქუთაისი უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 4 მაისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართება.


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005