17.12.2010

 

 

 

ზამთრის ჩემპიონები.

ეს ქალაქი ფეხბურთითაა!

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ზამთრის ჩემპიონია. ამ არაოფიციალურ ტიტულს ნებისმიერ ქვეყანაში უდიდესი ყურადღება ექცევა და მოდით, ჩვენც შევაჯამოთ სეზონის პირველი ნაწილის საბოლოო შედეგი.

 


ეს გუნდი თქვენია. მე გპირდებით, რომ ზესტაფონში მუდამ იქნება ფეხბურთის ბუმი. მუდამ დავისახავთ მაღალ მიზნებს. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ლოკალური წარმატების მიღწევა, არ ვცხოვრობთ ერთი დღით. როდესაც თქვენთან მოვედი, დაგპირდით, რომ აქაურობას პატარა ბრაზილიად ვაქცევდი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დანაპირები ბოლომდე მივიყვანო”, - იტყვის 2010 წლის მარტში, გულშემატკივრებთან შეხვედრისას, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია.


უკვე შვიდი წელია, ეს გუნდი არსებობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო წელი ყოველთვის უკეთესი იყო, ვიდრე წინა. გუნდი მუდამ ერთი საფეხურით მიიწევდა წინ და ადგილს არ ტკეპნიდა. ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ არც ერთ კლუბს ისე ხანგრძლივად არ უვლია სანუკვარი მიზნისკენ, როგორც ”ზესტაფონმა” იარა. კარგია, რომ ეს შეგნებულად მოხდა, რადგან მიზნის ადვილად მიღწევა ქართულ სინამდვილეში გუნდის ეფემერულ არსებობასთან ასოცირდება.


დარწმუნებულნი ვართ, გაივლის წლები და ზესტაფონელი გულშემატკივრები სიამოვნებით მოიგონებენ დროს, როდესაც გუნდი
ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა დასახული მიზნისკენ. ამ მიზნისკენ სავალ გზაზე ბუნებრივია, ადგილ-ადგილ იყო იმედგაცრუებაც, მაგრამ იყო დიდი სიხარულიც. მართალია, ”ზესტაფონს” ჯერაც არ აქვს ქართული ოქრო, მაგრამ ახლა უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ შვიდი წლის წინ ჩაყრილი ქართული საძირკვლის სიმყარემ პირველი შედეგები მოიტანა. პატარა ქალაქში ახლა ყველა ფეხბურთზე ფიქრობს, თითქმის ყველა ბავშვი სპორტის ამ სახეობითაა ”მოწამლული”. ბავშვთა მწვრთნელები საკეთებელს ვეღარ აუდიან და, რა თქმა უნდა, ეს უდავოდ განსაკუთრებული მოვლენაა მთელ ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში.


ბუნებრივია, კარგია, რომ საქართველოს უაღრესად ამბიციური გუნდი ჰყავს. კარგია ისიც, რომ ეს გუნდი ყოველდღე ვითარდება და ფეხბურთსაც ისეთს თამაშობს, თვალს რომ ახარებს, მაგრამ ყველაზე კარგი ისაა, რომ ამ ქალაქს თაობებს ცხოვრების არასწორი წესი ვეღარ წაართმევს ისევე, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა.


ერთ რამედ ღირდა ზესტაფონელი გულშემატკივრის მოსმენა, როდესაც ისინი ”ვიტ ჯორჯიასთან” მთელი მატჩის განმავლობაში თავდაუზოგავად ქომაგობდნენ საყვარელ კლუბს. ეს ქალაქი ფეხბურთით სუნთქავს, ფეხბურთითაა და სიმართლე ითქვას, ამის გარეშე ვეღარც კი წარმოგვიდგენია. საერთო-სახალხო სიხარული მართლაც ძვირფასია ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა. ასე რომ, ეს ხალხი სიხარულის ღირსია, დიდი სიხარულის.


”ზესტაფონი” რომ მრავალ წელს გაახარებს თავის გულშემატკივარს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რამდენიმე დღის წინ გუნდმა პირველად ივარჯიშა თავის ახალ ბაზაზე, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მთელ საქართველოში. ფაქტია, რომ ზესტაფონი ფეხბურთით კიდევ დიდხანს იცოცხლებს.

 

ალეკო კაკაურიძე, გაზეთი "ოლიმპი"
   
FC ZESTAFONI © 2005