”ზესტაფონი” თასის ნახევარფინალშია.
2010 წლის 15 დეკემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის განმეორებითი მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპს” რუსთავში ესტუმრა.
მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ლიდერთა განმეორებითი სათასო დაპირისპირების პირველი ტაიმი თანაბარ და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. შეხვედრის პირველი ნახევრის ყველაზე რეალური საგოლე მომენტი იმერლებმა შექმნეს - თორნიკე გორგიაშვილის ძალიან სახიფათო დარტყმა რუსთაველთა გოლკიპერმა გრიგოლ ჭანტურიამ მოიგერია ...
მეორე ტაიმის საწყისი წუთები ქვემოქართლელებმა აქტიურად კი დაიწყეს, მაგრამ, ზესტაფონელთა დაცვისა და მეკარე როინ კვასხვაძის საიმედო თამაშის წყალობით, მასპინძლებს ორმატჩიან დუელში გარდატეხის შეტანის საშუალება არ მისცემიათ. შეხვედრის დარჩენილი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შედეგად, მარგველებმა საქმე კანონზომიერ შედეგამდე მშვიდად მიიყვანეს - 0-0.
პირველი მატჩის შედეგის გათვალისწინებით ( ორი კვირის წინ ზესტაფონში გამართული პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა იმერლებმა 3-0 მოიგეს), საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალური სტადიის საგზური მოიპოვა.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “მიზანი, რაც გვქონდა, შევასრულეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. რამდენად ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ, სხვა თემაა. ხანდახან ასეთი თამაშითაც მიდიხარ მიზნამდე. “ოლიმპისგან” უფრო შემტევ ფეხბურთს ველოდით და ამიტომ შევეცადეთ ზონები ჩაგვეკეტა”.
თორნიკე მაისურაძე (“ოლიმპის” მწვრთნელ-კონსულტანტი): “მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდოდა, რაც სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. მომდევნო თამაშებში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. “ზესტაფონს” 1/2-ფინალში გასვლას ვულოცავ”.
|
15/12/2010 - ”ოლიმპი” (რუსთავი) - ”ზესტაფონი” 0-0 |
დაწვრილებით:
|
ბადრი კეთილაძის ფოტო, www.worldsport.ge |