14.12.2010

 

 

 

დამსახურებული ლიდერი.

 

 

 

 

ავად თუ კარგად, ჩემპიონატის პირველი ეტაპი დავასრულეთ... მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, მომავალი წლის 12 თებერვალს დაიწყება და მანამდე საკმარისზე მეტი დროც არის იმისთვის, პირველი ეტაპი რომ შევაჯამოთ. თუმცა, გარკვეული დასკვნის გაკეთება ახლავე შეიძლება. მაგალითად, არავისთვის მოულოდნელი ყოფილა ის ფაქტი, ჩემპიონობისათვის სეზონის დაწყებამდე ფავორიტად შერაცხული 3 გუნდი ("ზესტაფონი", "ოლიმპი", "დინამო") რომ იბრძოლებდა (უბრალოდ, ცოტა არ იყოს, უცნაურად გვეჩვენება ლიდერთა სამეულსა და დანარჩენ გუნდებს შორის ქულათა სხვაობა); სამწუხაროზე მეტად გვეჩვენება ის გარემოებაც, როცა ლამის ჩემპიონატის სტარტიდანვე, სულ მცირე, სამ გუნდს სერიოზულზე-სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ...

პირველ ეტაპს დამსახურებული გამარჯვებული ჰყავს: "ზესტაფონმა" ბოლო პერიოდში ისეთი ტემპი "აკრიფა", ვისაც შეხვდა, ყველას უმოწყალოდ გაუსწორდა! თავად განსაჯეთ: ბოლო ხუთ შეხვედრაში (ოთხი-ჩემპიონატის, ერთიც-თასის) გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეთა კარში 19 გოლი გაიტანა და ამავდროულად, საკუთარში არც ერთი გაუშვა! ჰოდა, რა გასაკვირვია, რომ ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი გუნდი სწორედ "ზესტაფონია" - 18 მატჩში 39 გოლი მართლაც არ არის ურიგო მაჩვენებელი. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ 39 გოლიდან უმეტესი (27) ფორვარდების ანგარიშზეა: გელაშვილის მსგავსად რატი წინამძღვრიშვილსაც 10 ბურთი აქვს გატანილი, ხოლო ჯაბა დვალს - 7. თუმცა, "ზესტაფონის" წარმატებული ასპარეზობა მხოლოდ ფორვარდების შედეგიან თამაშზე არ არის დამოკიდებული: მეკარეც, მცველებიც და ნახევარმცველებიც ისეთ ფეხბურთს უჩვენებენ, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს რომ ეკადრება. საერთოდაც, ადრეც არაერთხელ გვითქვამს და კვლავაც სიამოვნებით გავიმეორებთ, რომ ამ სეზონში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ "ზესტაფონი" უჩვენებს. მოკლედ, ვიდრე სეზონი განახლდება, "ზესტაფონს" "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური, მაგრამ მაინც საამო ტიტულით შეუძლია იამაყოს. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ თითქმის უმეტეს შემთხვევებში, სეზონის ბოლოს საბოლოო გამარჯვებული სწორედ "ზამთრის ჩემპიონი" ხდებოდა. თუმცა, არავინ იცის, ამ ზამთრის პაუზის მერე "ზესტაფონის" კონკურენტ გუნდებში მოვლენები როგორ განვითარდება: ქვეყნის ჩემპიონი "ოლიმპიც~ სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს, რომ აღარაფერი ვთქვათ "დინამოში" მოსალოდნელ სიახლეებზე...

2010 წლის საფეხბურთო სეზონი ჯერ არ დასრულებულა: ხვალ და ზეგ თასის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩებია, 21 დეკემბერს კი სუპერთასის შეხვედრაა (თუ, რა თქმა უნდა, თარიღმა კიდევ არ გადაიწია). აქვე, სატურნირო ცხრილთან დაკავშირებით მცირე განმარტებაც გვინდა გავაკეთოთ ... ყოველივე ეს კი იმიტომ გვინდა მკითხველს შევახსენოთ, პირველი ეტაპის საბოლოო ცხრილის ირგვლივ რაიმე გაურკვევლობა რომ არ იყოს. მაგალითად, "ზესტაფონი" "ოლიმპზე" წინ მოგებათა მეტი რაოდენობითაა; იმავეს თქმა შეიძლება IV-V-VI ადგილზე მყოფ სამ ერთნაირქულიან გუნდზეც. აი, რაც შეეხება IX და X ადგილებს, ამ შემთხვევაში `"კოლხეთს" ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა "სამტრედიასთან" და კონკურენტთან შედარებით ერთი საფეხურით მაღლა იმყოფება ...

 

გია ტუხაშვილი, გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005