"ზესტაფონი" - ზამთრის ჩემპიონია!
2010 წლის 11 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ეროვნული თასის მოქმედ მფლობელს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლა.
ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასკვნითი მატჩის საწყის წუთებში ზესტაფონელებმა ნამდვილი შტურმი მოაწყვეს თბილისელთა კართან, თუმცა მასპინძელთა ძალიან გააზრებული, კომბინაციური და მწვავე თამაშის მიუხედავად, ბურთი ”ჯიუტად” არ შედიოდა სტუმართა კარში. ანგარიში მხოლოდ 32-ე წუთზე გაიხსნა - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან შოთა გრიგალაშვილმა კუთხური ჩააწოდა, საჯარიმოში კი "მრგვალ საგანთან" ყველაზე ადრე ნიკოლოზ გელაშვილი გაჩნდა და თავით ის ვეტერინართა კარის ბადეში აუღელვებლად გადაგზავნა. ტაიმის მიწურულს მანვე თავის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა - 45-ე წუთზე ნიკამ ჯაბა დვალის გამოზომილი პასი შეირგო და თბილისელთა გოლკიპერ გიორგი ძაძამიას ბურთი თავზე გადაუგდო ...
მეორე ტაიმში ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოკვეთილი გახდა. მიმდინარეობდა მატჩის 57-ე წუთი, როდესაც, შოთა გრიგალაშვილის კიდევ ერთი მშვენიერი გადაცემის შემდეგ, ნიკოლოზ გელაშვილი თბილისელთა გოლკიპერთან პირისპირ ისევ დარჩა და "ჰეთ-თრიკის" შესრულებასთან ერთად, 10 გატანილი გოლით, ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნულ ლიდერსა და თანაგუნდელს - რატი წინამძღვრიშვილს დაეწია. მატჩის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, ზემოიმერელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით - 3-0.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ”ზესტაფონი”, პირველად კლუბის არსებობის მანძილზე, ზამთრის პაუზას ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის რანგში ხვდება.
სეზონის პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 15 დეკემბერს გამართავს. ეროვნული თასის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში იმერლები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპს” რუსთავში ესტუმრებიან. სათასო დაპირისპირება 13:00 საათზე დაიწყება ...
|