10.12.2010

 

 

ზესტაფონელ რეზერვისტებს ვეღარ აჩერებენ.

 

 

 

 

2010 წლის 10 დეკემბერს საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის 17-ე ტურის მატჩები გაიმართა. "ზესტაფონის” რეზერვისტებმა ზესტაფონში თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვიტ-ჯორჯიას" მეორე გუნდს უმასპინძლეს.

შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-1 დამთავრდა. პირველი სახიფათო მომენტი პირველივე წუთზე შეიქმნა, ზესტაფონელებმა ბურთი ცენტრში გაათამაშეს თუ არა, ბურთი, მეტოქის საჯარიმოსთან, ნიკა ჩიხლაძემ მიიღო, მცველს გასცდა, თუმცა, მეკარესთან პირისპირ გასულმა ვეღარ გაიტანა. 5 წუთში ჩიხლაძის ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს, საბა ლომიამ ფეხი დაუხვედრა და თბილისელთა კარისკენ გადაგზავნა, ბურთი ძელს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

9-ე წუთზე მატჩში ანგარიშიც გაიხსნა. გიორგი ჭანკოტაძემ სტუმართა მცველებს გვერდი აუარა და ტექნიკური დარტყმით გოლი გაიტანა. 20-ე წუთზე სტუმართაგან ბექა ზაქრაძე უტევდა, მისის დარტყმული მასპინძლეთა კარს ოდნავ ასცდა. მომდევნო შეტევაზე ისევ ზაქრაძე ურტყავდა, ამჯერადაც უზუსტოდ.

28-ე წუთზე ლომიას დარტყმული სტუმართა მეკარის ჯინო რეჭიას ნადავლი გახდა, თუმცა ათიოდე წუთში საბა ლომიამ სტუმართა კარი მაინც აიღო - 2-0. მალევე ჩიხლაძეს მართებდა გატანა, მაგრამ კარს ააცილა. ამის შემდეგ ტაიმის ბოლომდე სტუმრები დომინირებდნენ მოედანზე, როგორც ყოველთვის საიმედოდ მოქმედებდა მასპინძელთა კიპერი - რატი იმერლიშვილი, მან ჯერ ზაქრაძეს, შემდეგ გურეშიძესა და ჯოხაძეს არ დაანება კარის აღება.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. 48-ე წუთზე როსტომ გეწაძის შორეული დარტყმა ზემოდან გადაევლო ვიტელთა კარის ძელს. 53-ე წუთზე ლომიამ ვერ აჯობა სტუმართა მეკარეს. 58-ე წუთზე კი ანგარიში 3-0 გახდა. თბილისელ მცველებს ბურთიანად გასცდა ნიკა ჩიხლაძე და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში 3-0 გახადა. "ვეტერინარები" უტევდნენ, თუმცა მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა, უმეტესად ზაქრაძე აქტიურობდა. მისი დარტყმები, უმეტესად, ან კარს სცდებოდა, ან მეკარის იოლი ნადავლი ხდებოდა.

70-ე წუთზე ჩიხლაძეს დუბლის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა კვლავ სტუმართა მეკარემ არ დაანება. 76 -ე წუთზე მოედანზე შეცვლაზე შესულმა თუხარელმა ასევე შეცვლილ ზურა ღირდალაძეს საგოლედ უპასა და ანგარიში 4-0 გახდა. გოლიდან ორიოდე წუთში სტუმრებმა 11 მეტრიანი დარტყმის უფლება მიიღეს. ბურთთან ზაქრაძე მივიდა, მისი დარტყმული იმერლიშვილმა მოიგერია,ზაქრაძემ გამოვარდნილი ბურთი კვლავ კარისკენ გადაგზავნა, რატი ისევ საიმედოდ გაისარჯა და ანგარიში ძალაში დატოვა. 85-ე წუთზე მასპინძლებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ჭანკოტაძის დარტყმას სიზუსტე დააკლდა. სტუმრებმა მაინც შეძლეს პრესტიჟის გოლის გატანა. თავი სტუმართა რიგებში ყველზე აქტიურად მოთამაშე ბექა ზაქრაძემ გამოიჩინა. 4-1 და ზესტაფონელთა ზედიზედ მესამე შთამბეჭდავი გამარჯვება.

 

დიმა ნებიერიძე, www.Goli.ge
   
FC ZESTAFONI © 2005