09.12.2010

 

 

მომავლის ფეხბურთი.

ჰა, ბურთი - ჰა, მოედანი.

 

 

 

ბავშვთა ფეხბურთის ქართული რეალობა გაუმართავი ინფრასტრუქტურა და მოუწესრიგებელი საფეხბურთო გარემოა. წლების განმავლობაში ნიჭიერი, იმედისმომცემი ახალგაზრდების ბედი მშობლების ფინანსურ შესაძლებლობაზე იყო დამოკიდებული. თუ ოჯახი შესაბამის თანხას ვერ გადაიხდიდა, პატარა ფეხბურთელი ასაკობრივი ნაკრების ზღურბლთან ჩერდებოდა. ქართული ფეხბურთის მწარე სტატისტიკაა ახალგაზრდობა, დიდი ფეხბურთის თამაშის პერსპექტივა მავნე ჩვევებში რომ გაცვალეს. სამწუხაროა, მაგრამ ამ ბიჭების წარმატებული მომავალი იმ რამდენიმე ათას დოლარს შეეწირა, რომლის გადახდა მათ ოჯახებს არ შეეძლოთ.
იმედია, წარსულს უკან მოვიტოვებთ და ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის აღებ-მიცემობის “ადათებს” ერთხელ და სამუდამოდ დავაგდებთ.
მომავლის ფეხბურთის ძიება ზესტაფონში დავიწყეთ. ფეროელებს მიაჩნიათ, რომ ბავშვთა ფეხბურთის აღორძინებით ახალ, ევროპულ გზას მიჰყვებიან.


ფეხბურთი უფასოდ

უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე “ზესტაფონი” ბოლო რამდენიმე წელია, ბავშვთა ფეხბურთს დიდ ყურადღებას უთმობს. კლუბის ბავშვთა აკადემიაში პატარებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ ფეხბურთის თამაში ისწავლონ. ყველასთვის მისაბაძი უნდა გახდეს “ზესტაფონის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაც. ბავშვებს სწავლის საფასურის გადახდა არ უწევთ.
მოზარდებთან მუშაობენ კვალიფიციური მწვრთნელები: გურამ ასპინძელაშვილი, მალხაზ ღონღაძე (ადრე ამავე ქალაქის გუნდების “მარგვეთისა” და "მეტალურგის” ღირსებას იცავდა), პაატა ლურსმანაშვილი, თამაზ გაბრიჭიძე, ფიზმომზადების სპეციალიტი შალვა ღონღაძე და მეკარეების მწვრთნელი მამუკა მდინარაძე.
პაატა ლურსმანაშვილმა გვითხრა, რომ მთავარია, უფროსთა გუნდის პრინციპები ბავშვთა ასაკობრივ გუნდებშიც დაინერგოს. სავალდებულოა, ყველა საქმის კურსში იყოს. “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის ვარჯიშებს უკლებლივ ყველა მწვრთნელი ესწრება.

ვისწავლოთ ფეხბურთი ხალისით

“ზესტაფონი-2” საქართველოს ჩემპიონატის დუბლიორთა ტურნირში თამაშობს. კლუბს ჰყავს 1993-94 და 1995-96 წლებში დაბადებულ ბავშვთა გუნდებიც. ორი თვის წინ აკადემიამ 2000-01 წლებში დაბადებულ ბავშვთა სელექცია ჩაატარა. შერჩეული 16 მოზარდი ახლა უკვე “მომავალი ფეხბურთელია” - თავს მწვრთნელები დასტრიალებენ.

ვეძებოთ ყველგან

აკადემია ადგილობრივთა გარდა ახალგაზრდებს მთელ იმერეთში ეძებს. შერჩევას “ზესტაფონის” ყოფილი ფეხბურთელი, ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი ზურაბ იონანიძე ხელმძღვანელობს: “რაც დიდ ფეხბურთს თავი დავანებე, ახალგაზრდების სელექციით ვარ დაკავებული. მათი აღმოჩენა ძირითადად ტურნირებზე ხდება. ვეძებთ სოფლებშიც. ნიჭიერი თაობა ყოველთვის იყო. ზოგი თავად გვიკავშირდება. ჩამოსულთათვის პრობლემა უმეტეს შემთხვევაში საცხოვრებლის უქონლობაა. პერსპექტიული თაობა მოდის და სკოლა-ინტერნატი მათ ბინის პრობლემასაც მოუგვარებს”.

ის, რაც მომავლის ფეხბურთის ნიადაგია

აკადემიის სამომავლო გეგმებზე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახურის უფროსს სერგო ფუტკარაძეს გავესაუბრეთ: “კლუბის ბაზაზე ხუთი ბუნებრივსაფრიანი მოედნის მოწყობა იგეგმება. ერთი უკვე ფუნქციონირებს. მასზე ძირითადი გუნდი ვარჯიშობს. მაისში ორი მოედნის მსენებლობაც დასრულდება. ხუთივე მოედნის ამოქმედების შემდეგ აკადემია სრული დატვირთვით იმუშავებს. თუ ყველა პრობლემა მოგვარდა, ბაზასთან არსებულ შენობაში, რომელიც ამჟამად უფუნქციოდაა, სკოლა-ინტერნატი გაკეთდება, რაც ბავშვებს სწავლასა და წვრთნას გაუადვილებს. მათ ღამის გასათევის პრობლემაც მოეხსნებათ”.

მედლის მეორე მხარე

ზესტაფონში ბავშვთა ფეხბურთზე ადგილობრივი გამგეობაც ზრუნავს. სპორტსკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებულ საფეხბურთო სკოლა “მარგვეთს” შესაბამისი ლიცენზიის მქონე მწვრთნელები მამუკა ფუტკარაძე, დიმიტრი მაღრაძე და გამოცდილი სპეციალისტი ზაურ ჩუბინიძე ხელმძღვანელობენ. კეთილმოწყობილი ხელოვნურსაფრიანი მოედანი მხოლოდ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” აქვს. საკუთარი სავარჯიშო მოედნის უქონლობის მიუხედავად, “მარგვეთის” მწვრთნელები ბავშვების ფეხბურთელად და პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ.

პატარა ქალაქის დიდი იმედი

ზესტაფონის მოსახლეობა დაახლოებით 75 ათასია. ამ პატარა ქალაქში ფეხბურთში 400-მდე ბავშვი ვარჯიშობს. იმედი ვიქონიოთ, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და სკოლა-ინტერნატი დაარსების შემთხვევაში ფეხბურთს გაცილებით მეტი ბავშვი ეზიარება. ზესტაფონში ფეხბურთისადმი დამოკიდებულება მართლაც იმედისმომცემია. არის პრობლემები, მაგრამ არის სურვილი და უმთავრესი მიზანი – ქართულ ფეხბურთს ღირსეული თაობა შეემატოს.


სალომე ხარატიშვილი, გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005