06.12.2010

 

 

"დუბლებმა" ძირითად გუნდს ერთი გოლით აჯობეს.

 

 

 

 

2010 წლის 6 დეკემბერს საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეჩვიდმეტე ტურის მატჩები გაიმართა. "ზესტაფონის” რეზერვისტებმა ზესტაფონში ბოლნისის საფეხბურთო კლუბ "სიონის" მეორე გუნდს უმასპინძლეს. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5-0 დამთავრდა.

 

პირველი სახიფათო მომენტი მეხუთე წუთზე შეიქმნა, ბოლნისელთა საჯარიმოში გიორგი ჭანკოტაძემ ორი მცველი მოატყუა და კარისკენაც დაარტყა, მისი დარტყმული სტუმართა კარის ხარიხამ აისხლიტა. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში მასპინძლებმა საჯარიმო დარტყმის უფლება მიიღეს. როსტომ გეწაძის ჩაწოდებული ბურთი, კარისკენ თავით ნიკა ჩიხლაძემ გადაგზავნა და ანგარიშიც გახსნა -1-0.

ჩიხლაძეს რამდენიმე წუთში მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა, სტუმართა კარის კიპერმა - ფანცხავამ კარგად ითამაშა. ბოლნისელებს ანგარიშის გათანაბრება საჯარიმო დარტყმით შეეძლოთ, თუმცა ჩხეტიანის დარტყმული ოდნავ ასცდა მიზანს.

"ზესტაფონი" უტევდა, სტუმრები კი თავს იცავდნენ. ბოლნისელთა მცველების შეცდომით ისარგებლა ჩიხლაძემ, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, გატანა ვეღარ შეძლო. დამატებაზე კარგად გაისარჯა საბა ლომია და ანგარიში 2-0 გახადა.

ბოლნისელთაგან ყველაზე მეტად ჩხეტიანი აქტიურობდა. ერთ მომენტში მან ბურთი ცენტრში მიიღო, ოთხ მცველს ერთად გასცდა და კარისკენაც დაარტყა, თუმცა იმერელთა გოლკიპერმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. მეორე ტაიმი ერთი წუთის დაწყებული იყო, როცა ბოლნისელთა საჯარიმოში ბურთიანად შეიჭრა საბა ლომია, რამდენიმე მცველს გვედი აუარა და მახვილი კუთხიდან საგოლედ გაისროლა - 3-0.

ბოლნისელებს შეეძლოთ ანგარიშის სხვაობა შეემცირებინათ, მაგრამ ჯერ გაბრიჭიძის, შემდეგ უგულავას დარტყმები კარს ასცდა.

მატჩის 60-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კაპანაძემ ჭანკოტაძეს ლამაზი პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ორი ბოლნისელი მცველი მოატყუა, კარში დაარტყა და ანგარიში 4-0 გახდა. ამ გოლის შემდეგ მატჩის ბოლომდე უმეტესად ბოლნისელები აქტიურობდნენ და ქმნიდნენ მომენტებს, თუმცა შესანიშნავად თამაშობდა ზესტაფონელთა კარის დარაჯი - რატი იმერლიშვილი.

შეხვედრის 89-ე წუთზე კი, საჯარიმოს მისადგომებიდან შორეული დარტყმით ანგარიში 5-0 გიორგი კაპანაძემ გახადა. სტუმრებმა ბურთი ცენტრიდან გაათამაშეს და მალე არბიტრის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა.

 

დიმა ნებიერიძე, www.Goli.ge
   
FC ZESTAFONI © 2005