2010 წლის 5 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ნახევრის საწყისი წუთები, ზესტაფონელთა საგრძნობი ტერიტორიული უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ მაინც "დაზვერვით" ხასიათს ატარებდა. ანგარიში კი 29-ე წუთზე გაიხსნა - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კახა ალადაშვილის იუველირული სიზუსტის გადაცემას ჯაბა დვალმა თავი შეაგება და ბურთი მირზა მერლანისაგან შორეულ მარცხენა კუთხეში გადაგზავნა.
მეორე ტაიმში ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოკვეთილი გახდა. მიმდინარეობდა მატჩის 65-ე წუთი, როდესაც თორნიკე აფციაურმა ბურთი მაღალი ტრაექტორიით ბოლნისელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მას პირველი გიორგი ხიდეშელი შესწვდა და თავით მეკარის ბაქანზე ეულად მდგომ ჯაბა დვალს დაუგდო, ამ უკანასკნელმა კი მშვიდად "დუბლი" გაიფორმა. მატჩის მიწურულს რატი წინამძღვრიშვილმა გაიბრწყინა - შეხვედრის 86-ე (შოთა ბაბუნაშვილის გადაცემით) და 90-ე (კახა ალადაშვილის გადაცემით) წუთებზე ახალგაზრდა ფორვარდმა "დუბლიც" გაიფორმა და 10 გატანილი ბურთით (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ათივე ბურთი რატიმ სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩართვის შემდეგ გაიტანა!) ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა. მარგველთა გამარჯვება დიდი ანგარიშით - 4-0.
საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, 18-ე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” შინ თბილისის "ვიტ-ჯორჯიასთან" 11 დეკემბერს გამართავს ...