04.12.2010

 

 

 

პრევიუ: "ზესტაფონი" - "სიონი".

 

 

 

 

”უცნაური” ტური გველოდება: ხუთიდან ოთხი მატჩი ლიხს იქით უნდა ჩატარდეს; ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრის პრობლემა აღარ იქნება: ამ ჩემპიონატის დასაწყისიდან დღემდე ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიასა თუ ფოთში ცარიელ ტრიბუნებს იშვიათად თუ შევხვდებით. იმის მიუხედავად, რომ დეკემბერი დაიწყო, იმედი გვაქვს, გულშემატკივრები არც ამჯერად შეაქცევენ ზურგს საქართველოს ჩემპიონატს და თავისი გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე მისვლასაც არ დაიზარებენ. არადა, რაღა დარჩა - ორი ტურიც და ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდება (პლუს განმეორებითი სათასო მატჩები და სუპერთასის შეხვედრა) ...

 

უმაღლეს ლიგაში საკუთარ მოედანზე ყველაზე ნაკლები მატჩი ”ზესტაფონმა” ჩაატარა, თუმცა ამას ”საპატიო მიზეზი” აქვს: გარკვეული დროის განმავლობაში კლუბის სტადიონზე ბალახის საფარი იცვლებოდა. სწორედ ამის გამოც იყო, რომ ხვალინდელი მეტოქეების პირველი წრის მატჩი ზესტაფონის ნაცვლად ბოლნისში გაიმართა (კლუბების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე), რომელიც ჩემპიონატის იმდროინდელი ლიდერის გამარჯვებით დამთავრდა. არადა, იმის წინ დებიუტანტი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა, როცა თბილისის ”დინამოს” მოუგო. თუმცა, ქვემოქართლელებმა ოთხ დღეში ზედიზედ ორი ფავორიტი ვერ დაამარცხეს. ამის შემდეგ მეტოქეებს არაერთგვაროვანი ასპარეზობა ჰქონდათ, რაც, ერთი მხრივ, გასაკვირვი არც უნდა ყოფილიყო: ”ზესტაფონსა” და ”სიონს” ჩემპიონატში ხომ აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვთ. გია გეგუჩაძის გუნდმა წინა ტურში ”სამტრედიასთან” შთამბეჭდავი გამარჯვების (7:0) შემდეგ, როგორც იქნა, დროებით კრიზისს თავი დააღწია და კვლავაც ფეხდაფეხ მიჰყვება ”ოლიმპს”. თანაც, მასპინძლების ასპარეზობას აშკარად დადებით მუხტს შესძენდა სამიოდე დღის წინ თასის მეოთხედფინალში იმავე `ოლიმპის~ დიდი ანგარიშით დამარცხება. სხვათა შორის, სტუმართა გუნდში დღეს შესაძლოა ახალწვეულიც ვიხილოთ: გარკვეული პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში კვლავაც იასპარეზებს გიორგი ნოდარის-ძე ჭელიძე. აღსანიშნავია, რომ ”პაჭელოს” აქამდე არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია, მაგრამ ძმასთან, ლაშასთან ერთად, ფაქტობრივად - არასდროს...

გაზეთი "ლელო"

 

მასპინძლებმა გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერთან და მოქმედ ჩემპიონთან სათასო მატჩის დამაჯერებელი მოგებით (3:0), ხასიათი გამოიკეთეს. “სიონი” გეგუჩაძის გაწვრთნილთათვის უხერხულ მეტოქედ არ ითვლება, თუმცა იმერლებს იოლი გასეირნება მაინც არ ელით. ბოლნისელებს ზუსტად ერთი თვის წინ, ცხინვალის “სპარტაკის” დამარცხების (2:0) შემდეგ, ოფიციალურ შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ; “ზესტაფონს” რაც შეეხება, გუნდის საგოლე პოტენციალი საქართველოში აშკარად საუკეთესოა. თავად განსაჯეთ, სულ გუნდის მიერ გატანილი 32 გოლიდან 20 იმერელთა შემტევ ტრიოზე - წინამძღვრიშვილი (8), გელაშვილი (7), დვალი (5), მოდის.         
თუ ჩემპიონატებზე ბოლნისურ-ზესტაფონური პაექრობების სტატისტიკას გავიხსენებთ, იგი 18 მატჩს მოიცავს. “ზესტაფონმა” 10 მოიგო, ქვემოქართლელებმა - 3. ყვირილასპირელთა დიდი უპირატესობაა გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობაშიც - 21:7.  


გაზეთი "სპორტული ამბები"

   
FC ZESTAFONI © 2005