ნიკოლოზ გელაშვილი: ფეხბურთი გულშემატკივრისაა.
თასის მეოთხედფინალის წყვილთა შორის ყველაზე დიდ ინტერესს "ზესტაფონისა" და "ოლიმპის" დაპირისპირება იწვევდა. ეს გუნდები გასულ სეზონში ჩემპიონობას ეცილებოდნენ ერთმანეთს და ამ ჭიდილში საბოლოოდ რუსთაველებმა იმარჯვეს. მიმდინარე ჩემპიონატში, ამ გუნდების მეტოქეობისას ორივემ თითოჯერ 1:0 მოიგო, საშინაო შეხვედრები. გუშინწინ კი ზეტაფონელებმა თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში 3:0 იმარჯვეს. იმერელთა წარმატებაში ლომის წილი დაიდო გუნდის მეგოლე ნიკოლოზ გელაშვილმა, რომელმაც ორი ბურთი გაიტანა და მესამე საგოლე კომბინაციაშიც მონაწილეობდა.
"ზესტაფონისა" და ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს საკლუბო და სანაკრებო თემაზე ველაპარაკეთ.
- თასის მეოთხედფინალში "ოლიმპის" 3:0 დამარცხებას. ბევრი არ ელოდა. ალბათ ძალიან გაგაბრაზათ მეტოქემ.
- ამ თამაშის მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და, რომ იტყვიან გამარჯვებისთვის ალესილები გავედით მოედანზე. ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში თავისთავად საკმაო მოტივაციაა, მაგრამ ჩვენი მონდომება სხვა ფაქტორებითაც იყო განპირობებული. გასულ სეზონშიც ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით, მაგრამ ტიტული "ოლიმპმა" მოიგო. ახლა ჩემპიონატში მეორე ადგილზე ვართ და რუსთაველთა გუნდს ორი ქულით ჩამოვრჩებით. გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ "ოლიმპზე" კარგი გუნდი ვართ... ნოემბრის დასაწყისში რუსთავში 0:1 წავაგეთ და ეს თამაშიც გვახსოვდა, ერთი სიტყვით, საკმაოდ მოტივირებულები ვიყავით და უზომოდ გამიხარდა, რომ მოვიგეთ, თანაც დიდი ანგარიშით.
- ბევრმა აღნიშნა, გელაშვილმა ამ მატჩში ბენეფისი მოიწყოო.
- მიხარია, როცა ჩემი თამაშით და გოლებით ხალხს სიამოვნებას ვანიჭებ. ფეხბურთი გულშემატკივრისაა და ჩვენი ვალია, ქომაგი გოლებით, შედეგით გავახაროთ. ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე შინაგანად ვგრძნობდი, რომ ამ თამაშს მოვიგებდით და ასეც მოხდა.
- როდის დარწმუნდით, რომ თამაში მოგებული იყო?
- პირველი გოლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩვენი დღე იყო.
- "ოლიმპის" ძლევა იოლი საქმე არ არის. რისი წყალობით მოიგეთ?
- ეს რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. მონდომება, უკეთესი ფიზიკური მომზადება, შინაური კედლები, უკეთესი გაზონი... შესაძლოა, ზოგმა მნიშვნელოვნად არ ჩათვალოს, მაგრამ ჩვენი მოედნის საფარი ახლა ბევრად უკეთესია, თავისუფლად შეიძლება ბურთი გააგორო და ის ფეხბურთი აჩვენო, რაც შეგიძლია. საფარს დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლახან ჩვენ ბაზაზე სავარჯიშო მოედანი გაკეთდა, ისეთი კარგია, რომ იმ გაზონს სჯობს, რომელზეც ვთამაშობთ.
- "ზესტაფონს" ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ ამ სეზონში ჩემპიონობა ან თასი მოიპოვოს. რომელს უმიზნებთ?
- ორივე ფრონტზე ბოლომდე ვიბრძოლებთ. გვინდა, მაისში დუბლი ვიზეიმოთ.
- გოლების ანგარიში თასის გათამაშებაზეც გახსენით...
- დიახ, ჩემპიონატში შვიდი გოლი მაქვს გატანილი, თასზე კი ამ ბოლო შეხვედრაში ორი გავიტანე და ეგ არის.
- მეოცე ეროვნულ ჩემპიონატში 20 გოლით ბომბარდირი გახდით, ამ სეზონში რას ველოდოთ?
- 22-ე ჩემპიონატია და მინიმუმ 22 მაინც უნდა გავიტანო... ეს ხუმრობით, ისე კი თავდამსხმელი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ბურთი გავიტანო.
- 3:0 საკმაო ფორაა და ბევრი მიიჩნევს, რომ თასის ნახევარფინალში თითქმის გასულები ხართ. თუმცა ზოგს ეს შედეგი "ვიტ ჯორჯიასთან" შარშანდელ სათასო დაპირისპირებას ახსენებს.
- სულაც არ ვფიქრობ, რომ ცალი ფეხით ნახევარფინალში ვართ. რუსთავშიც დიდი ბრძოლა გველის. ეს ანგარიში მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ყველაფერს საპასუხო მატჩი გადაწყვეტს.
- ჩემპიონატში "ოლიმპი" შინ დაჯაბნეთ, რუსთავში კი ამ გუნდთან დამარცხდით. 6 ნოემბრის მარცხს რით ახსნით?
- რუსთავში მეტოქე სწრაფი გოლით დაწინაურდა. მას მერე არაერთხელ შეგვეძლო გაგვეტანა, მეც მქონდა რეალური საგოლე მომენტი, მაგრამ ვერ შევაგდეთ. არადა, ანგარიში რომ გაგვეთანაბრებინა, მერე ვინ იცის, რა შედეგით დასრულდებოდა თამაში.
- ერთი უჩვეულო კითხვა: თითქმის ყოველთვის წვერით თამაშობთ.
- პირს არ ვიპარსავ, ყოველთვის დაბალ წვერს ვატარებ. სწორედ წვერით გავხვდი 2008 წელს ჩემპიონატის ბომბარდირი და მინდა, ამ სეზონშიც იგივე გავიმეორო.
- სანაკრებო თემაზეც ვთქვათ. ეროვნულში წინა მწვრთნელების დროსაც იყავით. თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში კი სლოვენიაში პირველად იყავით ძირითად შემადგენლობაში...
- ეროვნულში პირველად კლაუს ტოპმიოლერმა მიმიწვია, მაგრამ სასტარტოში არ მითამაშია. კუპერის მწვრთნელობისას კი ჩერნოგორიასთან საგარეო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე. ქეცბაიასთან სლოვენიაში პირველად ვიყავი სასტარტოში. თუმცა კმაყოფილი არ ვარ. ბევრად უკეთაც შემიძლია. იმედია, თებერვალში ამხანაგური მატჩი ექნება ნაკრებს. თუ გამომიძახებენ და მოედანზე გასვლა მომიწევს, უკეთ ვითამაშებ.
- გელაშვილი ცენტრფორვარდია, ნაკრებში კი ხან მარცხნივ და ხანაც მარჯვნივ უწევს თამაში. ამიტომ ჩვეულად ვერ თამაშობსო, მსმენია. სად გირჩევნიათ თამაში?
- ცენტრფორვარდი ვარ და ესაა ჩემი ადგილი. თუმცა, ნაკრები უმთავრესია და სადაც გუნდს დავჭირდები, იქ ვითამაშებ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ფლანგზე გამამწესებენ. როცა სივრცე მაქვს და შეტევებს ვიწყებ, მაშინ უფრო შედეგიან ვარ.
|