|      სამტრედიელთა სტუმრობა ზემო იმერეთში.        2010 წლის 26 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩები.  "დავით აბაშიძეზე" მორიგი "იმერული დერბი" გაიმართა - ”ზესტაფონმა” საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას”  უმასპინძლა   ...
   შეხვედრა, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისთვის" ეროვნულ ჩემპიონატში გამართული  200-ე მატჩი გახლდათ, პირველიდან უკანასკნელ წუთამდე,   მასპინძელთა  უდიდესი სათამაშო უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი  ზესტაფონელი ნიკოლოზ გელაშვილის "ბენეფისად" იქცა - ზემოიმერელთა ფორვარდმა თავის გამოჩენა 20-ე, 42-ე და 45-ე წუთებზე მოახერხა და "ჰეთ-თრიკის" შესრულებასთან ერთად, მეორე ტაიმის წინ, თავის გუნდს უზარმაზარი ფორაც შეუქმნა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 33-ე წუთზე სამტრედიელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ - "ბოლო იმედის" ჯარიმისათვის  მატჩის არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ სპარტაკ გოგია "გააწითლა".   მეორე ტაიმში სამტრედიელთა რბევა "ზესტაფონის" კიდევ ორმა ფორვარდმა გააგრძელა. 56-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ხელით გიორგი ხუმარაშვილმა ითამაშა და თავის გუნდი მოედანზე ცხრა კაცის შემადგენლობით დატოვა, მიმდინარე სეზონში ზესტაფონელთა  პირველი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა კი გოლად პირველი ტაიმის "გმირის" ნაცვლად მოედანზე შემოსულმა რატი წინამძღვრიშვილმა აქცია. ამის შემდეგ ჯაბა დვალის ჯერიც დადგა - მან  62-ე და 79-ე წუთებზე გატანილი გოლებით "დუბლი" მიითვალა. ამ უკანასკნელს არც  რატი წინამძღვრიშვილი  ჩამორჩა და მატჩის 90-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 7-0.  საინტერესოა ის გარემოება, რომ დღევანდელ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით ზესტაფონელბმა კლუბის ისტორიაში  დაფიქსირებული სარეკორდო ანგარიში გაიმეორეს - 2007 წლის 16 მაისს ასეთივე ანგარიშით დასრულდა მატჩი თელავის "კახეთთან".  მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge): გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “თამაში აშკარად ჩვენი უპირატესობით წარიმართა. გაძევებამდეც კარგად გამოგვდიოდა   კომბინაციური თამაში. შედეგით კმაყოფილი ვარ”.
 გელა სანაია  ("სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი): "ვიდეოჩანაწერი არ მინახავს, ამიტომაც ვერაფერს ვიტყვი რამდენად სამართლიანი იყო   არბიტრის მოქმედება.  დღევანდელ თამაშზე მეტად მომდევნო ტურის მატჩი მაღელვებს,   რომელშიც ორი ცენტრალური მცველის გარეშე მოგვიწევს ასპარეზობა".
     საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, 17-ე ტურის შეხვედრას  საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”  შინ ბოლნისის "სიონთან"   5  დეკემბერს გამართავს. მანამდე, 1   დეკემბერს, იმერლები ეროვნული თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ რუსთავის საფეხბურთო კლუბი ”ოლიმპს”  უმასპინძლებენ ...   |