25.11.2010

 

 

ინტერვიუ რატი წინამძღვრიშვილთან.

რატი წინამძღვრიშვილი თასზე ფავორიტად ”ზესტაფონს” მიიჩნევს.

 

 

 

რატი წინამძღვრიშვილი, რომელმაც შეცვლაზე შემოსულმა ორი თავური გაუტანა „კოლხეთს“ და საკუთარ გუნდს მოაგებინა, Goli.Ge-მ ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. თუ ვინ ჰგონია ფეხბურთელს "ზესტაფონი"-"ოლიმპის" სათასო წყვილში ფავორიტი, ამას მისგან შეიტყობთ.  

 

 

 -  დიდი ხნის განმავლობაში ტრავმიანობდი, ახლა სრულად  გამოჯანმრთელდი და ფორმაში ხარ?

- გამოჯანმრთელებით, დიდი ხანია კარგად ვარ და აღარაფერი მაწუხებს. უბრალოდ, სათამაშო დრო არ მეძლეოდა დიდი, ბოლო დროს მეტად ვიტვირთები და მეტს ვთამაშობ, მიხარია, რომ გატანაც დავიწყე.

- "კოლხეთთან" ფავორიტი "ზესტაფონი" იყო, მიუხედავად ამისა, 72-ე წუთამდე გუნდმა გატანა ვერ შეძლო. რა იყო ამის მიზეზი, ფოთი ხომ მეორე შემადგენლობით თამაშობდა...

-  მიუხედავად იმისა, რომ "კოლხეთი" დუბლებით თამაშობდა, მებრძოლი ბიჭები არიან და რთული თამაში იყო. მეორე მომენტია ის, რომ სადაც ჩვენ ვითამაშეთ, იქ საერთოდ როგორ შეიძლება ითამაშო, არ ვიცი. იმ მოედანზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია.

 - გუნდმა უშუალო კონკურენტებთან რამდენიმე მატჩი წააგო და ახლა მეორე ადგილზე იმყოფება... თასზე "ოლიმპს" შეხვდით, თქვენ წყვილში ფავორიტად ვის მიიჩნევთ და გუნდის წლევანდელ მიზნებად რა მიიჩნევთ? შარშან ჩემპიონობას და თასს ერთად უმიზნებდით, მაგრამ საერთოდ ტიტულის გარეშე დარჩით...

- ახლაც ასეა, ორივეს მოპოვება გვინდა, მაგრამ უმთავრესი ჩემპიონობაა, "ზესტაფონი" ჯერ არ გამხდარა ჩემპიონი და ძალიან გვინდა ამას წელს მივაღწიოთ. ისეთი თამაშები ვერ მოვიგეთ ლიდერებთან, რომლებიც შეგვეძლო, მინიმუმ, ფრე მაინც გვეთამაშა. რაც შეეხება ფავორიტს, მე "ზესტაფონს" მივიჩნევ ფავორიტად.

- გუნდი კლუბის მშენებარე ბაზის ახლახან ამოქმედებულ მინდორზე ვარჯიშობს. ადვილია ახალ საფარზე მუშაობა?

- ძალიან კარგი პირობებია ჩვენთან. ბაზაზე ვვარჯიშობთ რამდენიმე დღეა, საფარი დაიგო. ახალი საფარია სტადიონზეც და ისიც საკმაოდ კარგი ხარისხისაა.

 

 მაგდა კლდიაშვილი, www.goli.ge
   
FC ZESTAFONI © 2005