21.11.2010

 

 

 

სტუმრობა ფოთში.

 

 

 

 

2010 წლის 21 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ფოთში ესტუმრა უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთი-1913”-ს.

 

შეხვედრის პირველივე წუთებიდან მოოლებული ზესტაფონელებმა სწრაფი ტემპი შესთავაზეს ექსპერიმენტალური შემადგენლობით მოასპარეზე მასპინძლებს და დიდ სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლნენ. თუმცა, იმერელთათვის სამწუხაროდ, მატჩის პირველ ნახევარში ეს უპირატესობა გატანილ გოლებში არ ასახულა. არადა, თავის გამოჩენის კარგი შანსები ირაკლი ძარიას, გიორგი ონიანსა და ნიკოლოზ გელაშვილს მიეცათ.

ანგარიში 72-ე წუთზე გაიხსნა - გიორგი ონიანმა მარგველთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე მყოფ თორნიკე აფციაურს დროული გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელის საჯარიმოში ჩაწოდებულს კი რატი წინამძღვრიშვილი თავით შესწვდა და ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში ლამაზად გადაგზავნა. 81-ე წუთზე ანგარიში კიდევ უფრო სოლიდური გახდა - ამჯერად შეტევა მარცხენა ფლანგიდან განვითარდა, ნიკოლოზ გელაშვილის აქტიურობას ზაალ ელიავაზე გადაცემა მოჰყვა და ამ უკანასკნელის საგოლე გადაცემა რატი წინამძღვრიშვილზე. რატის დუბლი და 0-2.

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):


გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი):მეტოქე ჩვენთვის უცხო შემადგენლობით გამოვიდა, რამაც გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. ახალგაზრდა კოლხებმა ღირსეულად იასპარეზეს და გამარჯვებაც იოლად არ მოგვიპოვებია”.


ბესიკ შეროზია ("კოლხეთი"): "ჩვენი გუნდის შესახებ ყველას მოეხსენება. ახალგაზრდებმა დღეს მონდომებით ითამაშეს, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა. ჩვენ ხვალ შევიკრიბებით და ალბათ, ამ შეხვედრაზე გუნდის მომავლის შესახებ ბევრი რამ გაირკვევა".

 

21/11/2010 - ”კოლხეთი” (ფოთი) - ”ზესტაფონი” 0-2

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მორიგი 16-ე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 26 ნოემბერს შინ საფეხბურთო კლუბ "სამტრედიასთან" გამართავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005