20.11.2010

 

 

 

პრევიუ: "კოლხეთი" - "ზესტაფონი".

 

 

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებითა და წლის დაუმარცხებლად დასრულებით ყველამ ერთად გავიხარეთ, ახლა კი დროა, გადმოვერთოთ შინაურ ფეხბურთზე და ვნახოთ, ვინ როგორ ხვდება სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლებულ ეროვნულ ჩემპიონატს. შეგახსენებთ, წლის ბოლომდე უმაღლეს ლიგაში ოთხი ტურია ჩასატარებელი, გარდა ამისა, ვნახავთ საქართველოს თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებებს და ყოველივე ამის შემდეგ უფრო მკაფიო წარმოდგენა გვექნება იმაზე, თუ ვინ შეძლებს სეზონის მეორე ნახევარში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას და ვინ იქნება გამოკვეთილი აუტსაიდერი.

 

ოქროს მედლებისთვის მებრძოლმა "ზესტაფონმა" ბოლო ტურებში არაერთი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა და პირველი ადგილიდან მესამემდე დაეშვა. საჩემპიონო რბოლაში მთავარი ბრძოლები წინაა, მაგრამ ლიდერთა სამეულში მყოფი თითოეული გუნდი, ცხადია, კარგად აცნობიერებს, რომ ურთიერთშეხვედრებზე არანაკლებ მნიშვნლოვანი უმაღლესი ლიგის სხვა ბინადრებთან სტაბილური თამაშიცაა. ვნახოთ, "დინამოსა" და "ოლიმპთან" განცდილი მარცხის შემდეგ როგორ განაგრძობს ასპარეზობას გია გეგუჩაძის გუნდი. შეგახსენებთ, "ზესტაფონი" წინა ტურშიც სამეგრელოს ესტუმრა და "ბაია" 3:1 დაამარცხა. ვნახოთ, როგორი გამოდგება ფეროელთა ხვალინდელი ვოიაჟი.

შესაძლოა, "კოლხეთის" ფინანსური მდგომარეობა მალე გამოსწორდეს და თუ ასე მოხდა, ბესიკ შეროზიას გუნდი აუტსაიდერობას ნამდვილად არ დასჯერდება. გუშინ ფეხბურთელთა მიმართ არსებული დავალიანების გასტუმრებაზე გაცნობეთ, დღეს დავაკონკრეტებთ, რომ მათ ბოლო თვის ხელფასები კი დაურიგდებათ, მაგრამ წინა თვეების გასამრჯელო კვლავ მისაღები ექნებათ.

მატჩის ფავორიტი, ბუნებრივია, "ზესტაფონია", მაგრამ უშანსოდ არც მასპინძლები იქნებიან. ფოთელებს დისკვალიფიკაციის გამო ლევან გულუა არ ეყოლებათ, ზესტაფონელებს კი - ჯაბა დვალი. წესით, ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი არ უნდა იყოს. "ზესტაფონს" ხომ ყველა რგოლში ჰყავს მაღალი დონის შემსრულებლების საკმარისი რაოდენობა და ნიკოლოზ გელაშვილთან ერთად "კოლხეთს" შედეგიანად ათამაშებული რატი წინამძღვრიშვილი შეუტევს.

გაზეთი "ლელო"

 

სეზონის კარგად დამწყებმა ”კოლხეთმა”, მეორე წრე თითქმის ჩააგდო. ”სამტრედიასთან” სტუმრად (1:1) და ”სიონთან” შინ (0:0) ნათამაშევი ფრეების შემდეგ, ბესო შეროზიას გუნდმა, ჩემპიონატზე წაგებულ სამ მატჩს, პირველი ლიგის ბინადარ ”გაგრასთან” თასზე წარუმატებელი (0:1) გამოსვლაც მოაყოლა.
ბოლო შეხვედრებში არ ულხინს ”ზესტაფონსაც”. გუნდმა, მეორე წრეში ჩატარებულ 5 მატჩში 3 წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო. გეგუჩაძის გაწვრთნილებმა ის ერთი ფრეც (1:1) ისეთ გუნდთან ითამაშეს (”სპარტაკი”), სტატისტიკური მატებაა, თორემ ქომაგის თვალში, წაგების ტოლფასი უფროა.
მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა ორივე გუნდი ”გამოუვალ” მდგომარეობაშია. ჩემპიონობისთვის მებრძოლ ”ზესტაფონს”, მოუგებლობას ქომაგი აღარ აპატიებს, გასავარდნ ზონასთან მიახლოებულ ”კოლხეთს” კი, ფსიქოლოგიური სტრესის დასაძლევად, ქულის მოპოვება აქტივში ჩაეთვლება.


გაზეთი "სპორტული ამბები"

 

   
FC ZESTAFONI © 2005