13.11.2010

 

 

 

უხარისხო მოედნები ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ.

 

 

 

ქართული სტადიონების დღევანდელი ყოფა.

უკვე მერამდენედ გვიწევს ქართულ სტადიონებზე სათამაშო მოედნის საფარის უხარისხობაზე საუბარი. ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ბოლო ორ შეხვედრაში მინდვრის უხარისხო საფარმა პრობლემები საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა მთელ ჯგუფს შეუქმნა. დაზარალებულია არა მხოლოდ კლუბის, არამედ საქართველოს ეროვნული ნაკრების ინტერესებიც კი.

 

გთავაზობთ მცირე ამონარიდს გაზეთ ”ლელოს” 2010 წლის 12 ნოემბრის პუბლიკაციიდან, რომელიც ეროვნული ნაკრების წინა დღით გამართული ვარჯიშის გაშუქებას მიეძღვნა: "ვარჯიშზე "ზესტაფონის" ფეხბურთელები გიორგი ხიდეშელი და ბუბა დაუშვილი გამოცხადნენ, მაგრამ თამაში ვერც ერთმა მოახერხა. საქმე ისაა, რომ ბათუმის "დინამოსთან" სათასო შეხვედრა მძიმე გრუნტიან მოედანზე გაიმართა და "ზესტაფონის" ფეხბურთელები (საუბარი ნაკრებში გამოძახებულ შვიდივე ფეხბურთელზე!) შეკრებაზე დამძიმებული კუნთებით გამოცხადდნენ. თუმცა, ვარჯიში მხოლოდ დაუშვილმა და ხიდეშელმა ვერ გააგრძელეს - "ორკარას" დაწყებამდე მოედანი ორივე მათგანმა დატოვა.

როგორც გავარკვიეთ, ორივე ტკივილმა შეაწუხა. ხიდეშელმა საზარდული გაიჭიმა, მაგრამ სერიოზული არაფერია და წესით, დღეს კვლავ ივარჯიშებს. დაუშვილის ამბავი უფრო რთულადაა – ბუბას კუნთის ყრუ ტკივილები ჩემპიონატის მსვლელობის დროსაც აწუხებდა... გუშინდელ ვარჯიშზე ტკივილი გაუძლიერდა და იძულებული გახდა, დაესვენა. დაუშვილი დანაღვლიანებული იყო, რადგან წინასწარი ვარაუდით, ორი კვირა დაისვენებს. თუმცა, ეს მაინც ვარაუდია, ექიმის დაზუსტებული პასუხი კი დღეს გვეცოდინება.
"

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” სამედიცინო შტაბის ინფორმაციით, გიორგი ხიდეშელისა და მურთაზ დაუშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის გარდა, სათამაშო საფარის ხშირი ცვლისა და ამ საფარის უხარისხობის გამო, პრობლემები შოთა გრიგალაშვილს, კახაბერ ალადაშვილს, მამუკა კობახიძეს, ირაკლი ძარიას და გიორგი ონიანს შეექმნათ.

სამწუხაროდ, საქართველოს სტადიონების უმეტესი ნაწილი, ქართული ფეხბურთის სამსახურში დგომისა და ქართველ ფეხბურთელთა ოსტატობის დემონსტრირების ხელშეწყობის ნაცვლად, იქცა იმ ადგილად (იხილეთ ფოტოსურათი!), რომელიც ამ ფეხბურთელთა ერთ-ერთ მთავარ ”არაკეთილმოსურნედ” იქცა. მივმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ პრობლემის გადაწყვეტა ხელეწიფება - ქართული ფეხბურთისათვის სამარცხვინო ”სტადიონების თემა” ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს! ამის გარეშე ქართული ფეხბურთის წინსვლა-განვითარებაზე საუბარი ხომ მხოლოდ საუბრად დარჩება ...

 

'
   
FC ZESTAFONI © 2005