10.11.2010

 

 

ეროვნული თასის მერვედფინალი.

 

 

 

2010 წლის 10 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბათუმში ესტუმრა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”დინამოს”.

 

აჭარულ-იმერული სათასო დაპირისპირების პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. სტუმართა გარკვეული ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მოახერხეს - 36-ე წუთზე თავი ალექსანდრე ბაციკაძემ გამოიჩინა. ზესტაფონელებმა ბათუმელებს გიორგი ხიდეშელის მიერ 44-ე წუთზე გატანილი გოლით უპასუხეს და ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა.

მეორე ტაიმში თავი იჩინა ზესტაფონელთა უკეთესმა ფიზიკურმა კონდიციებმა, სტუმრებმა ხელთ იგდეს მატჩის სადავეები და რამდენიმე ეპიზოდში (შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, რატი წინამძღვრიშვილი) ძალიან ახლოს იყვნენ კიდეც მიზანთან, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ზესტაფონელთა გარჯა უკეთესის სურვილს ტოვებდა. ბათუმელები თამაშის აწყობას კონტრშეტევებზე ლამობდნენ და ორ ეპიზოდში ზესტაფონელთა დაცვა გვარიანადაც ანერვიულეს. მატჩის ბედი არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გადაწყდა - გიორგი მიქაბერიძის წამოწყებულ შეტევას კარგი გაგრძელება ალექს ბენაშვილმა მოუძებნა, მან საჯარიმოს მისადგომებთან მყოფი ჯაბა დვალი დროული გადაცემით მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი შეტევა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა და თავის გუნდს ეროვნული თასის მეოთხედფინალის საგზური დაუჯავშნა.

 

10/11/2009 - ”დინამო” (ბათუმი) - ”ზესტაფონი” 1-2

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 21 ნოემბერს ფოთში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთის” წინააღმდეგ გამართავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005