როგორც იცით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობამ დიდებულ საქმეს ჩაუყარა საფუძველი. კლუბის საწვრთნელი ბაზა სწრაფი ტემპით შენდება. ერთი მოედანი უკვე დაგებულია და არც ის დროა შორს, როცა ბაზაზე აშენდება სასტუმრო, რომელიც 60 სტუმარზე იქნება გათვლილი, გაკეთდება ტრენაჟორის დარბაზი, ჩოგბურთის კორტები. ასევე ფეხბურთელების განკარგულებაში იქნება კიდევ ოთხი მოედანი. აქედან ორი გაზაფხულზე გაკეთდება, დანარჩენი კი - უახლოეს მომავალში.
ტერიტორია, რომელზეც ახლა საფეხბურთო ოაზისი კეთდება, სულ ცოტა ხნის წინ ძროხების საბალახოდ იყო ქცეული. ამორტიზებულია იქვე ახლოს მდებარე ტექნიკუმის შენობა. რა თქმა უნდა, ამ დიდ პროექტს სახელმწიფოს მხარდაჭერა და წახალისება სჭირდება. დარწმუნებულნი ვართ, ეს ასეც იქნება. მაგალითად, ალბათ ძალიან კარგი იქნება, თუ ტექნიკუმის ტერიტორიაზე, რომელმაც კარგა ხანია, დაკარგა თავისი ძირითადი ფუნქცია, გაკეთდება საფეხბურთო სკოლა-ინტერნატი, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს ნიჭიერ ბავშვებს მოემსახურება.
გუშინ ზესტაფონს ეწვივნენ ქართული სპორტის ხელმძღვანელები ლადო ვარძელაშვილი, დავით ნამგალაური, ასევე იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ადგილობრივი ხელმძღვანელი პირები. ბუნებრივია, მათ მასპინძლობა კლუბის წარმომადგენლებმა გაუწიეს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სტუმრები ნანახით აღფრთოვანდნენ. ეს ბუნებრივიცაა. გასაკეთებელი ბევრი რამაა, მაგრამ პროექტი თავისთავად შთამბეჭდავია და ისიც ცხადია, რომ ფეხბურთზე თავგადაკლული ადამიანები მას ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე მიიყვანენ. ზესტაფონში ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე სპორტის სახეობა. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს ბაზა და ინტერნატი მწყობრში შევა, კიდევ მეტი მოზარდი დაინტერესდება ფეხბურთით. შეიძლება ბევრმა მათგანმა დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აცდება ქუჩის მავნე გავლენას, რაც უდავოდ მისასალმებელია. ბაზა რომ მწყობრში შევა, სულ სხვანაირად ძლიერი იქნება საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" - გუნდი უფრო ბევრისშემძლეა, როცა საკუთარი სახლი, საკუთარი ბაზა აქვს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც ბაზა მწყობრში ჩადგება, ეს იქნება ახალი ხანის დასაწყისი გუნდის ცხოვრებაში.