მინისტრმა იმერეთის გუბერნატორთან ერთად სპორტული ობიექტები ინახულა.
4 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მისი მოადგილე დავით ნამგალაური იმერეთში იმყოფებოდნენ. იმერეთის გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასთან და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად მათ ზესტაფონში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მშენებარე ბაზა დაათვალიერეს.
შემდეგ კი ქუთაისში "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზას ესტუმრნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლოს მინისტრი წყალტუბოს ეწვია და იქ მშენებარე სპორტული კომპლექსი მოინახულა.
"ნანახით პირდაპირ გაოცებული ვარ! ზესტაფონში მაგარი საფეხბურთო ბაზა შენდება. ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელი ბაზა კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთდება. მათი ანალოგი ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორის დახმარებით სპორტის განვითარება. ყველას მინდა მოვუწოდო რომ მაგალითი "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" მფლობელებისგან აიღონ, რომელთა მეშვეობით ძალიან დიდი საქმე კეთდება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის." - აღნიშნა ზესტაფონისა და ქუთაისის საფეხბურთო ბაზების დათვალიერების შემდეგ იმერეთში სტუმრად მყოფმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა.
ლადო ვარძელაშვილი, დავით ნამგალაური და იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია თანმხლებ პირებთან ერთად პირველად ზესტაფონის მშენებარე ბაზას ესტუმრნენ. ობიექტი ქალაქგარეთ, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზეა განთავსებული და როგორც ადგილობრივები ამბობენ იქ ფეროს გამონაბოლქვი ვერ აღწევს. ასე რომ, "ზესტაფონს" სულ მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზაზე, თანაც სუფთა ჰაერზე მოუწევს ვარჯიში და ძალების აღდგენა. ბაზის მშენებლობა კლუბმა 8 თვის წინ დაიწყო.
ამ დღეებში დასრულდა ბაზის ძირითად მოედანზე უკრაინიდან ჩამოტანილი მწვანე საფარის დაგება. თუმცა მთავარი სამუშაოები ჯერ კიდევ წინაა. სერგო ფუტკარაძე ("ზესტაფონის" პრესატაშე): "საერთო ჯამში დაგეგმილია 5 სტანდარტული მოედნის გაკეთება. მომავალი წლის გაზაფხულზე 3 მინდორი მზად იქნება, 2011 წლის ბოლოსთვის კი ხუთივე მოედნის გაკეთება დასრულდება. ბაზაზე დაგეგმილია სასტუმროს აშენება, რომელიც 60 კაცზე იქნება გათვლილი. გაკეთდება ჩოგბურთის კორტები, ტრენაჟორები, სამეურნეო და საკვები ობიექტები. წყალთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, მაგრამ იმედია ამასაც მალე მოვაგვარებთ.
მშენებარე ბაზასთან ახლოს არის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის შენობა, რომელიც ოთხი წელია არ ფუნქციონირებს. თუ ეკონომიკის სამინისტროსგან ამ ობიექტის შეძენა მოხერხდება იქ საფეხბურთო სკოლა ინტერნატის გაკეთება იქნება შესაძლებელი. აქამდე განხორციელებულ სამუშაოებში კლუბმა დაახლოებით 2 მილიონი დოლარი დახარჯა და ბაზის დასრულებამდე კიდევ 5 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ერთი სიტყვით, ევროპული სტანდარტების, სერიოზული საწვრთნელი ბაზის გაკეთება გვაქვს ჩაფიქრებული და ნელ-ნელა მივდივართ ამ მიმართულებით."
ზესტაფონიდან სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ქუთაისს ეწვია, სადაც "საღორიის" საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა. "ტორპედოს" მფლობელი კომპანია "ვისოლი" გუნდის გაძლიერებასთან ერთად ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც ზრუნავს და ამის მაგალითი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. `სრულიად შეიცვალა ბაზის შენობის შიდა ინტერიერი. გარემონტდა სასტუმრო ოთახები, საშხაპეები და გასახდელები.
რაც ყველაზე მთავარია, მიმდინარეობს ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა და ორ კვირაშე ეს საქმეც დასრულდება. სამომავლოდ კი ბაზის ტერიტორიის გაფართოება და იქ საფეხბურთო სკოლის გაკეთებაც იგეგმება"- აღნიშნა ჩვენთან საუბარში "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა.
ლადო ვარძელაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით და კერძო ინვესტორებს მსგავსი საქმის კეთებისკენ მოუწოდა. ლაშა მაქაცარიამ კი აღნიშნა, რომ იმერეთის რეგიონში სპორტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ყველა იმ კერძო ინვესტორს, ვინც სპორტში ფულის დაბანდებას გადაწყვეტს. ბოლოს, მინისტრმა წყალტუბოში მშენებარე სპორტული კომპლექსი მოინახულა.
ობიექტის მშენებლობის სამუშაოებს აწარმოებს კომპანია "იბერია-21". პროექტის ღირებულება 1 427 000 ლარია. სპორტკომპლექსში მოეწყობა კალათბურთის, მინი ფეხბურთისა და ფრენბურთის დარბაზი. საბილიარდო, ასევე ძალოსნებისთვის გათვალისწინებულია სავარჯიშო დარბაზი. სამუშაოები 2011 წლის დეკემბერში დასრულდება.
|