რიგგარეშე ვიზიტი ზუგდიდში.
2010 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩები. ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს ”ბაიას” დაუპირისპირდა.
მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის კალენდრის თანახმად, დღევანდელ შეხვედრაში მასპინძელი ”ზესტაფონი” უნდა ყოფილიყო, მაგრამ გუნდების ურთიერთშეთანხმებით (დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო), დღევანდელი მატჩი ზუგდიდში გაიმართა.
შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი ზუგდიდელებმა შექმნეს - ირაკლი ეხვაია როინ კვასხვაძესთან პირისპირ აღმოჩნდა, ბურთი ზესტაფონელთა გოლკიპერს თავზე გადაუგდო, თუმცა სტუმართა მხარეს მათი კარის ძელი აღმოჩნდა. ზესტაფონელთა პასუხი კი გოლით დასრულდა - 17-ე წუთზე თორნიკე აფციაურის აქტიურობას ალექს ბენაშვილზე ზუსტი გადაცემა და ამ უკანასკნელის ჩაწოდება მოჰყვა, ფლანგიდან ჩაწოდებულს კი ნიკოლოზ გელაშვილი გამოეხმაურა და ეფექტური დარტყმით ბურთი ზუგდიდელთა კარის ბადეში გადაგზავნა. ტაიმის ბოლომდე ნიკა გელაშვილს და ზესტაფონელთა მეორე ფორვარდ ჯაბა დვალს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობები მიეცათ, თუმცა ამ ეპიზოდებში ზუგდიდელები გოლკიპერმა თორნიკე ზარქუამ გადაარჩინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმართა კარის აღების შანსი ნიკა კვეკვესკირს მიეცა, თუმცა მისი დარტყმული სტუმართა კარის ხარიხას მოხვდა. ზუგდიდელებმა მაინც გაათანაბრეს - 66-ე წუთზე ირაკლი მალიჩავამ ანგარიში საყაიმო გახადა. სტუმრები არ გატყდნენ და 76-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა თავის გუნდი ისევ დააწინაურა, ხოლო საბოლოო წერტილი შეხვედრას 82-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილმა დაუსვა. იმერელთა გამარჯვება ანგარიშით 1-3.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "ლელო"):
გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “შედეგით კმაყოფილი ვარ. თამაში ძალიან რთული გამოდგა. მიუხედავად შემადგენლობის გადახალისებისა, ბრძოლისუნარიანი და ჟინიანი გუნდი დაგვიხვდა და თანაბარი ბრძოლა გაგვიმართა. აღებული სამი ქულით ჩემმა ფეხბურთელებმა დავალება ბოლომდე შეასრულეს”.
ელგუჯა ქომეთიანი (“ბაია” მთავარი მწვრთნელი): “კლასით და გამოცდილებით "ზესტაფონი" ამჟამად ჩვენს გუნდზე მაღლა დგას, რის ხარჯზეც მეტოქემ სასურველ შედეგს მიაღწია. ამის მიუხედავად, ჩვენი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. ამ გამოუცდელმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. მომავლის გუნდი გვყავს და ოპტიმისტურად ვხვდებით დანარჩენ ტურებს”.
|
27/10/2010 - ”ბაია” (ზუგდიდი) - ”ზესტაფონი" 1-3 |
დაწვრილებით:
|
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 31 ოქტომბერს, გორში, ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკთან” გამართავს.
|