23.10.2010

 

 

 

პრევიუ: "ზესტაფონი" - "დინამო".

 

 

 

 

ზესტაფონს, ოფიციალური საჩემპიონატო მატჩი 19 სექტემბრის შემდეგ არ უნახავს. ამდენად, “დავით აბაშიძეზე” “ზესტაფონისა” და “დინამოს” პაექრობას ორმაგი დატვირთვა ენიჭება. პირველი ის, რომ გათამაშების ფავორიტები იდეალურად გასწორებულ გრუნტზე და ახალ ბალახზე ითამაშებენ; მეორეც, ტელევიზია აღებულ კურსს არ ღალატობს და “პირველი არხი” მაყურებელს შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სთავაზობს ...


 

ტურის ცენტრალურ შეხვედრას ზესტაფონი უმასპინძლებს. სათამაშო მინდვრის განახლების შემდეგ, ”დავით აბაშიძეზე” პირველი მატჩი ჩატარდება. როგორც ”სპორტულ ამბებს” კლუბში უთხრეს, გრუნტი, რომელზეც ახალი ბალახი ამ ერთი თვის წინ დაითესა, საგრძნობლად გაუმჯობესებულია. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა დაგეგმილი,   ტრიბუნებზე ანშლაგს ელიან.  
მეტოქეების ურთიერთდაპირისპირებას ყოველთვის პრინციპული ხასიათი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ”ზესტაფონმა” ”დინამოსთან” ბოლო გამარჯვება 2009 წლის 29 აგვისტოს იზეიმა (4:1). მას შემდეგ გამართულ 4-ვე მატჩში, თბილისელებმა იმარჯვეს.
უშუალოდ ამ გუნდებს შორის, 2004 წლიდან, 18 საჩემპიონატო შეხვედრაა ჩატარებული, რომლებშიც 5-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 10-ჯერ დედაქალაქელებმა (ბურთების სხვაობა 25:13 ”დინამოს” სასარგებლოდ) ...


გაზეთი "სპორტული ამბები"

 

უკვე მეშვიდე წელიწადია, ჩვენ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ”ზესტაფონის” სახით მეტად და მეტად პრინციპული მოწინააღმდეგე რომ გამოუჩნდა. და ეს, იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ მეტოქეთა აქამდე ჩატარებულ ურთიერთდაპირისპირებებში უპირატესობა ”დინამოს” მხარეს არის: 10 მოგება, 3 ფრე და 5 წაგება. ამას გარდა, არც ის არის შემთხვევითი, რომ ”ზესტაფონისა” და ”დინამოს” წინა 18 შეხვედრიდან მხოლოდ ორჯერ მოხდა, როცა ერთ-ერთმა გუნდმა მეტოქეს დიდი ანგარიშით აჯობა: XX ჩემპიონატში თბილისელებმა სტუმრად მოიგეს 4:0, წინა სეზონში კი იმერლებმა თითქმის სრულფასოვანი რევანში აიღეს (4:1). დანარჩენ შემთხვევებში კი, როგორც წესი, უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა ხოლმე, სამსაჯო კაზუსებიც არცთუ იშვიათად გვინახავს ამ მართლაც გამორჩეული გუნდების დაპირისპირებებში; იმაზე აღარაფერს ვამბობთ, როცა სწორედ ”ზესტაფონისა” და ”დინამოს” შეხვედრებში ირკვეოდა-ხოლმე ჩემპიონობისა თუ ევროტურნირების საგზურის ბედი.

დღევანდელ შეხვედრას ”ზესტაფონი” ერთპიროვნული ლიდერის რანგში ხვდება და გია გეგუჩაძის გუნდს, წინა სეზონისგან განსხვავებით, იმითაც შეუძლია ”თავი მოიწონოს”, რომ აქამდე ჩატარებულ ოთხ საშინაო მატჩში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა. არადა, დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ იმავე წინა სეზონში ”ზესტაფონს” აშკარად მეტის მიღწევა შეეძლო, მაგრამ თავისზე ბევრად სუსტ მეტოქეებთან (თანაც, საკუთარ მოედანზე) უამრავი ”დაუგეგმავი” ქულა დაკარგა. აი, ”დინამოს” კი ამ სეზონში, ცოტა არ იყოს, არასტაბილურობა დასჩემდა: კახა კაჭარავას გუნდი, ერთი-ორ შეხვედრას მაღალ დონეზე ჩაატარებს და მერე, ბევრისთვის მოულოდნელად, თავისზე სუსტ მეტოქეებთან ქულებს დაკარგავს. თანაც, იმავე წინა სეზონისგან განსხვავებით, ”დინამოზე” ახლა ვეღარავინ იტყვის, რომ ძირითადი შემადგენლობაში 80-90 პროცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენო. რა თქმა უნდა პერსპექტიული ახალგაზრდები კვლავაც არიან, მაგრამ ჩვენი ჩემპიონატის ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის თავის შემადგენლობაში ისეთი გამოცდილი ფეხბურთელების სიმრავლით, როგორებიც არიან: დავით მუჯირი, გივი კვარაცხელია, ალექსანდრე კოშკაძე, ლევან ხმალაძე, ედნილსონი...

ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, უშეღევათო და დრამატულ ბრძოლაში წარიმართა; ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა, რასაც მალე კახა ალადაშვილის საპასუხო გოლი მოჰყვა... ყოფილი გუნდის კარში; და აი, მაშინ, როცა ყველას ეგონა მატჩი ფრედ დამთავრდებაო, ნიკოლოზ ფირცხალავამ ”დინამოს” გამარჯვება მოუტანა! ის შეხვედრა იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ სტუმრებმა მატჩი, ფაქტობრივად, 9 (!) კაცით დაამთავრეს; უფრო ზუსტად, მეორე ტაიმის დასაწყისში არბიტრმა მოედნიდან გიორგი ხიდეშელი გააძევა, ხოლო როცა უკვე დამატებული წუთები იწურებოდა, იგივე ბედი მამუკა კობახიძემაც გაიზიარა. სხვათა შორის ხიდეშელი თავის გუნდს დღევანდელ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება (ისე როგორც _ ირაკლი ძარია); თუმცა, დანაკლისი დინამოელებსაც აქვთ და სტუმართა თავკაცის კახა კაჭარავას უმთავრესი თავსატეხი, ალბათ, თავდასხმის ხაზის დაკომპლექტება იქნება. თავად განსაჯეთ: მათე ვაწაძე და რობერტინიო კვლავაც ტრავმირებულნი არიან, ხოლო დონალდ ჯუისი დისკვალიფიცირებულია!..


გაზეთი "ლელო"

   
FC ZESTAFONI © 2005