20.10.2010

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.

კარგი იქნება, მსაჯები ფირს თუ ნახავენ.

 

 

 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" კვლავ ლიდერობს ეროვნულ ჩემპიონატს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქუთაისურ შეხვედრას, რომელიც "ტორპედომ" მინიმალური ანგარიშით მოიგო. მსაჯის დაშვებულ შეცდომაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. საინტერესოა, როგორ აფასებს ქუთაისურ შეხვედრას იმერელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე. მას სხვა საინტერესო საკითხებზეც ველაპარაკეთ.

 


- ბატონო გია, უპირველეს ყოვლისა, შევაფასოთ ქუთაისის "ტორპედოსთან" გამართული შეხვედრა.
- ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ საინტერესო, დაძაბული, კარგი სანახავი მატჩი იყო. ორი ტაიმის განმავლობაში გულშემატკივარმა იხილა ლაღი, შემტევი ფეხბურთი. სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ამისგან, რა თქმა უნდა, ტრაგედია არ უნდა შეიქმნას. დარწმუნებული ვარ, ამ მარცხიდან შესაბამის დასკვნებთ გამოვიტანთ.


- ალბათ ცალკე უნდა ითქვას გულშემატკივრის შესახებ - ორივე გუნდს არ მოჰკლებია ქომაგობა და საფეხბურთო ატმოსფეროს შექმნას ხელი ამანაც შეუწყო.
- დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით. ორი აზრი არ არსებობს, ფეხბურთი გულშემატკივრისთვისაა მოგონილი და მათით ფასობს. ორივე გუნდს მართლაც მხურვალედ ქომაგობდნენ და ეს მისასალმებელია. კარგი იქნება, თუ ასევე გაგრძელდება სხვა შეხვედრებშიც.


- თბილისის "დინამოსთან" მატჩში ვერ ითამაშებენ ირაკლი ძარია და გიორგი ხიდეშელი, რომლებმაც ქუთაისურ შეხვედრაში ყვითელი ბარათები მიიღეს. ერთი შეხედვით რთული სიტუაციაა, მაგრამ გამოსავალი ალბათ მაინც არსებობს...
- რა თქმა უნდა, გამოსავალი არის. მართალია, ამ ორ ფეხბურთელს იძულებითი შესვენება მოუწევს, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ისინი შევცვალოთ.


- არ იქნება მსაჯობაზეც არ გკითხოთ. თავიდანვე გამოვთქვით ვარაუდი, რომ ლაშა სილაგავამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. შეცდომა იყო "ზესტაფონის" კარში გოლის ჩათვლაც. ამას ნათლად ამტკიცებს კლუბის ოფიციალურ ინტერნეტ-საიტზე გამოქვეყნებული მასალა... რა უნდა გაკეთდეს, რომ ასეთი რამ მომავალში აღარ განმეორდეს?
- ალბათ უპრიანია, თვითონ მსაჯებმა უყურონ ფირს, ნახონ, რა და როგორ მოხდა, რომ მომავალში აღარ დაუშვან შეცდომები. არ
მინდა მსაჯის შეცდომას დავაბრალო ქუთაისში განცდილი მარცხი. მიზეზი ისევ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და ვეძებთ კიდეც. ალბათ საჭირო იყო, მეტი დაძაბულობა შეგვექმნა მეტოქის კართან, მეტი კომბინაცია გაგვეთამაშებინა, საბოლოო დარტყმებში მეტი სიზუსტე გამოგვეჩინა. მირჩევნია, ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებოთ მიზეზი და არა სადმე სხვაგან.


- 23 ოქტომბერს "ზესტაფონს" უპრინციპულესი მატჩი აქვს თბილისის "დინამოსთან". დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დიდი სამუშაოები ჩატარდა. სულ მალე ბალახი ბოლომდე ამოვა, მაგრამ იგი ჯერ ქორფაა. ხომ არ შეუშლის ეს გარემოება ზესტაფონში ამ პრინციპული მატჩის ჩატარებას?
- მართალი ბრძანდებით, ბალახი ქორფაა, მაგრამ 23-მდე დრო ჯერ კიდევ არის. თამაში აუცილებლად ზესტაფონში გაიმართება და ამას ხელს არაფერი შეუშლის. მართლაც დიდი სამუშაოები ჩატარდა ჩვენს სტადიონზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ 23-ში გასამართი მატჩის შემდგომ ორი კვირის განმავლობაში ზესტაფონში აღარ ვთამაშობთ და მინდორი სწორედ ამ დროს შეისვენებს.


ალეკო კაკაურუძე, გაზეთი ”ოლიმპი”
   
FC ZESTAFONI © 2005