19.10.2010

 

 

ისევ ფაქტებით ...

 

 

 

 

უკანასკნელ პერიოდში ბეჭდითმა და ელექტრონულმა მედია-საშუალებებმა გაავრცელეს საგანგებო წერილები, რომლებშიც სხვადასხვა ქართული კლუბის წარმომადგენლები არბიტრთა ქმედებათა გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

 

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” წარმომადგენლები ყოველთვის თავს იკავებენ მსაჯობის თემასთან დაკავშირებით კრიტიკული კომენტარების გაკეთებისაგან, თუმცა მოცემულ სიტუაციაში ჩვენც ჩავთვალეთ საჭიროდ გამოგვეტანა ფართო საზოგადოებრიობის სამსჯავროზე ეპიზოდი, რომელსაც ქუთაისის ”ტორპედოსთან” გასულ კვირას გამართულ შეხვედრაში ჰქონდა ადგილი და რომელიც მხედველობიდან გამორჩა როგორც მატჩის არბიტრს, ასევე პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟის წამყვანებსა და მატჩის გამშუქებელ ჟურნალისტთა ნაწილს. არადა, ამ ეპიზოდმა პირდაპირი ზეგავლენა იქონია კვირას გამართული ”იმერული დერბის” შედეგზე ...

საუბარია შეხვედრის 27-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდზე, რომელსაც ქუთათურთა გოლი მოჰყვა. ზესტაფონელთა საჯარიმოში დავით დიღმელაშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი საკუთარი საჯარიმო მოედნის ფარგლებს გარეთ თავით გიორგი ხიდეშელს გამოაქვს, ხოლო მერაბ გიგაურს სტუმართა კარში გადამწყვეტი გოლი გააქვს. მთავარი მოვლენები ამ ეპიზოდში გიორგი ხიდეშელის ზურგს უკან ხდება - შეტევაში ჩართული ქუთათური თეიმურაზ ფარულავა მარგველთა გოლკიპერ როინ კვასხვაძეს ”მეკარის ბაქანზევე” ეჯახება (რაც ფეხბურთის წესების თანახმად კატეგორიულად იკრძალება) და ”კარის დარაჯს” წამით თამაშიდან თიშავს. ეს დრო კი სავსებით საკმარისია შეტევის წარმატებით დასასრულებლად (იხილეთ ზემოთნახსენები ეპიზოდის ამსახველი ვიდეომასალა)...

ნამდვილად შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ამ ეპიზოდის ბედი ვინმეს ბოროტმა განზრახვამ გადაწყვიტა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ გოლი წესების დარღვევით გავიდა. აქედან გამომდინარე, იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ასეთ შეცდომებს ადგილი აღარ ექნება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005