პრევიუ: "ტორპედო" - "ზესტაფონი".
მეორე წრის სასტარტო ტური "იმერულმა დერბიმ" უნდა დაამშვენოს! ყოველ შემთხვევაში, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ქუთაისის ახალგარემონტებული სტადიონზე კვლავაც ანშლაგი იყოს და ორივე გუნდის მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად ამ მატჩით ტელემაყურებელმაც სიამოვნება მიიღოს...
სატურნირო ცხრილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთი შეხედვით, ამ შეხვედრას ინტრიგა არ უნდა ჰქონდეს: ერთ-ერთი აუტსაიდერი გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს ხვდება. მაგრამ, ყველა დაგვეთანხმება, რომ ამ წყვილში რომელიმე გუნდის წინასწარ ფავორიტად გამოცხადება უაზრობა იქნება.
ბოლოს და ბოლოს, ქუთაისელი ქომაგები ხომ პირველი საშინაო გამარჯვების მოლოდინში არიან და საერთოდაც: როდისმე ხომ უნდა დამთავრდეს "ტორპედოს" მართლაც "უცნაურობა"; ამ "უცნაურობაში" კი, რაღა თქმა უნდა, გია გიგატაძის გუნდის უჩვეულო საშინაო მაჩვენებელს ვგულისხმობთ: საკუთარ მოედანზე ჩატარებული 4 მატჩი და ოთხივე ფრე! ისიც უნდა ვთქვათ, რომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ "ტორპედომ" ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი სწორედ ზესტაფონში ჩაატარა: პირველი წრის შეხვედრაში თენგიზ ჩიკვილაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ იგებდნენ კიდევ, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დროული და ეფექტური შეცვლები გააკეთა, რამაც საბოლოო შედეგზე იმოქმედა.
აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა შევაქოთ იმ მატჩის გმირი, "ზესტაფონის" და აწ უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი, რომლის ორმა გოლმაც მასპინძლებს ესოდენ მძიმე და საჭირო გამარჯვება მოუტანა. ჰო, აი ამის შემდეგ "ზესტაფონს" ვეღარავინ აჩერებს: ზედიზედ ხუთმა გამარჯვებამ გია გეგუჩაძის გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში მოაქცია და ისიც ვაღიაროთ, რომ ყოველივე ეს, აბსოლუტური კანონზომიერებაა!
გაზეთი "ლელო"
ინტერესი იმერული დერბისადმი დიდია. ქუთაისის საფეხბურთო არენაზე ანშლაგია მოსალოდნელი. ამას ისიც ემატება, რომ დიდხნიანი შესვენების შემდეგ, საჩემპიონატო შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაიცემა.
ეროვნულ ჩემპიონატზე გამართული ბოლო შეხვედრა, რომელიც “ტორპედომ” ზესტაფონელებს მოუგო, 2004 წლის 6 აგვისტოს ჩატარდა. ეს გახლდათ უმაღლეს ლიგაში “ზესტაფონის” სადებიუტო სეზონის მე-2 ტურის მატჩი, რომელიც რიონისპირელებმა 4:0 მოიგეს. მას შემდეგ, ამ გუნდებს შორის 8 დაპირისპირება გაიმართა, რომლებშიც “ზესტაფონმა” 6 მოიგო და 2-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.
გაზეთი "სპორტული ამბები"
|