14.10.2010

 

 

ინტერვიუ მურთაზ დაუშვილთან.

ვეცდებით, მომავალი წელი უფრო წარმატებული იყოს.

 

 

 

 

ბუბა დაუშვილს ეროვნულ ნაკრებში ადრეც იწვევდნენ - კლაუს ტოპმიოლერმა და ექტორ რაულ კუპერმა "ზესტაფონის" საყრდენი ნახევარმცველი რამდენჯერმე ათამაშეს. ამ უკანასკნელმა რუმინეთსა და მოლდოვასთან ძირითადშიც დააყენა, მაგრამ დაუშვილმა ძირითად შემადგენლობაში პირველი ოფიციალური შეხვედრა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩაატარა და ვფიქრობთ, ლატვია-საქართველოს მატჩში ქართველთაგან ის ქართველებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

"ზესტაფონის" ნახევარმცველმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი დავალებას - მეტოქის შეტევებს შლიდა, თავისიანთა იერიშებს კი სწრაფ იწყებდა და ფლანგებზე შლიდა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბურთს არ "ტანჯავდა"...

- რას იტყვით თამაშზე?
- საწყენია, ბოლო წუთზე ასეთი დასანანი გოლი რომ გავუშვით, მაგრამ მთლიანობაში ლატვიელებზე უკეთ გამოვიყურებოდით, ჩვენი თამაში მოვახვიეთ თავს. ეს ყველაფერი ნაკრებში არსებული გარემოს დამსახურებაა. ყველას საბრძოლო განწყობა გვქონდა, უნდა მოგვეგო და 3 ქულით წამოვსულიყავით, მაგრამ... მაგრამ იმედია, ხალხმა დაინახა, რომ ფეხბურთელებმაც და მწვრთნელებმაც წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ... თუმცა მაინც გულდაწყვეტილები დავრჩით, სამი ქულის მოპოვება რეალური იყო, ჩვენ კი მხოლოდ ქულას დავჯერდით. და მაინც, შედეგით უკმაყოფილონი არ ვართ. ლატვია ის ნაკრებია არ არის, ვისთანაც გასვლაზე სამ ქულას დაგეგმავ. ხალხი ხომ ატყობს, რომ ნაკრები აშკარად შეიცვალა? გულშემატკივარს სურდა ბრძოლისუნარიანი ნაკრები ეხილა და ასეც მოხდა. ქეცბაიამ ნაკრები ბრძოლისუნარიანი, მოტივირებული გახადა და სასურველი ატმოსფერო შექმნა. დავალებასაც გასაგებად გვიხსნის და ეს მისი ძალიან დიდი პლუსია. ასაკის მიუხედავად, ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია, მაგრამ ქეცბაია მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე თუ გავაგრძელეთ, მომავალშიც უკეთეს ფეხურთს ვაჩვენებთ. უბრძოლველად ვერავის მოუგებ, მალტასაც კი. ხომ იძახდნენ, მალტა რა ნაკრებიაო, მაგრამ იოლად 3 ქულის მოპოვების საშუალებას ისიც არავის აძლევს, რადგან ფეხბურთში დიდი თუ პატარა ამბიცია ყველა ნაკრებს აქვს და მოგება ყველას უხარია. ფეხბურთში ასეა, ვისაც მეტი მოტივაცია და ბრძოლის ჟინი აღმოაჩნდება, ის იგებს. მონდომების ხარჯზე ბევრად უფრო მაღალი კლასის გუნდებიც დაუმარცხებიათ.

- ნაკრების ძირითადში პირველი შეხვედრა დიდი პასუხისმგებლობაა. ალბათ, საკმაოდ ინერვიულეთ...
- რა თქმა უნდა, ვინერვიულე, რადგან ეროვნულ ნაკრებში ორი წუთით თამაშიც დიდი პასუხისმგებლობაა. გამოცდილი ფეხბურთელები მეგობრულად მექცეოდნენ, კარგად მკარნახობდნენ და მღელვარების დაძლევაში მეხმარებოდნენ. მეც გავთამამდი და შეტევებშიც უფრო თავისუფლად ვერთვებოდი.

- ჩვენი ნაკრებისთვის დღევანდელი მესამე ადგილი და წაუგებელი სერიალი უჩვეულოდ კარგად დასაწყისია. მაგრამ მოდით, გულახდილად ვილაპარაკოთ - საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერად წარმოგიდგენიათ?
- რატომაც არა? ახლაც მესამე ადგილზე და ლიდერებში არ ვართ? ცხრილი საქართველოს ნაკრების შესაძლებლობებზე თავად მეტყველებს. ოთხი შეხვედრიდან არც ერთი არ წაგვიგია, გუნდი იბრძვის და შევეცდებით, 2011 წელს კიდევ უფრო წარმატებით ვითამაშოთ.

- ჩვენდა მოულოდნელად, რიგის სტადიონზე ჩვენი გულშემატკივრის ხმამ მასპინძელთა შეძახილები გადაფარა...
- ლატვიელებს ბევრად მეტი გულშემატკივარი ჰყავდათ და ერთ-ერთ ტრიბუნაზე კარგადაც ქომაგობდნენ, მაგრამ ჩვენების აქტიურობამ გამაოცა. სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ არც მახსენდება. საკმაოდ ბევრი ქართველი მოვიდა, რისთვისაც მათ მადლობა ეთქმით. გასვლაზე შენიანის მხარდაჭერა ძალიან კარგად მოქმედებს, მით უფრო, როცა მასპინძლის ხმას ფარავს...

 

მერაბ მამულაშვილი, გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005