06.10.2006

                                              ბრაზილიელები და გრანდიოზული პროექტი.
    ექსპერიმენტების დრო დამთავრდა: ხუთწლიანი კონტრაქტი თემურ მახარაძეს.

 

       ”ზესტაფონი”-ს თავს საინტერესო ამბები ხდება. კლუბის ხელმძღვანელობა - მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე,  ვიცე-პრეზიდენტი ვასილ გველესიანი, გენერალური დირექტორი დავით აბაშიძე და პრეს-ატაშე სერგო ფუტკარაძე - გუშინ უკრაინიდან დაბრუნდა, სადაც კლუბის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
  სანამ ამ თემაზე დავკონკრეტდებით, მანამდე სხვა სიახლეზე გამცნობთ. გუშინ დილით. ბრაზილიიდან საქართველოში ოთხი ფეხბურთელი ჩამოფრინდა. მათ ”ზესტაფონ”-ში გასინჯავენ და ამ კლუბში დარჩენა- არდარჩენის საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება.
  სამხრეთამერიკელებიდან, ერთი ჩვენი ძველი ნაცნობია: ეს არის ვიეირა, რომელიც გასულ ზაფხულს თბილისის ”დინამო”-ში ისინჯებოდა, მას შემდეგ კი, მისივე თქმით, ბრაზილიური ”ატლეტიკო მინეირო”-ს ღირსებას იცავდა. ის მარცხენა ფლანგზე თამაშობს, ანუ, როგორც თავად გვითხრა, რობერტო კარლოსის პოზიციაზე.
   ედსონ სანტოსი ცენტრალური მცველი გახლავთ და პორტუ- ალეგრის შტატის ჩემპიონატში ”სიარა”-ს ღირსებას იცავდა. ის ამაყობს, რომ  ”სოშო”-ს თავდამსხმელ ილანის მეგობარია. იქვე თავად გაგვახსენა, ამ გუნდის შემადგენლობაში თბილისის ”დინამო”-სთან უეფა-ს თასზე თქვენს ქალაქში უთამაშიაო.
   ილან შაგასი ”პაომარ”-ში გამოდიაოდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, მაგრაო კი თავდამსხმელია და ”კუიაბა”-ში თამაშობდა.
   შემდეგი ინფორმაცია  ისაა, რომ კიევში ”ზესტაფონი”-ს დელეგაცია კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიას შეხვდა და მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ: თემურ მახარაძემ ახალი წინადადება მიიღო და გუნდთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართულ ფეხბურთში ამხელა ვადით მწვრთნელს ხელშეკრულება არასდროს გაუფორმებია. ან საერთოდ, რომელ ხელშეკრულებაზე არის საუბარი, როცა მწვრთნელთა ნაწილი გუნდებში  სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობს.
  
თემურ მახარაძე   (ს.კ ”ზესტაფონი”-ს  მთავარი მწვრთნელი)

ბატონო თემურ, ასეთი ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმება რატომ გადაწყვიტეთ?

ილია კოკაიასთან გულახდილმა საუბარმა იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ საჭირო იყო კლუბის განვითარების გრძელ ვადიანი სტრატეგიის შემუშავება. ასე მივედით  5-წლიან პროექტამდე. ხანგძლივი კონტრაქტი კლუბში სამუშაო გარემოს  ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ქართულ კლუბებს სწორედ ეს აკლია და ამიტომაც,  პირველებმა ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი. გუნდი ერთ დღეში არ შენდება. საამისოდ, გრძელვადიანი გეგმა,მზადებაა საჭირო. გადაწყდა კლუბის ინფრასტუქტურის განვითარებაც. ”ზესტაფონი” იმ კონვეიერად უნდა გადაიქცეს, რომელიც მისივე აღზრდილებით შეივსება.

 ამ გეგმის განხორციელებით რას ელოდებით?

ძალიან დიდ შედეგს! როგორც გითხარით, გეგმა 5-წლიანია. მისი მიზანი ”ზესტაფონი”-ს ევროპული დონის კლუბად ჩამოყალიბებაა. და მერე აღარავის შეექმნება ილუზია, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში რაიმე შეიცვლება. ასე რომ, ვიწყებთ ამ დიდი გეგმის ფრთაშესხმას.

ბრაზილიელებზე რას გვეტყვით?

ჯერ მიჭირს რაიმეს თქმა. ისინი გასინჯვაზე არიან და მათ რეალურ შესაძლებლობებზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

დავით აბაშიძე (ს.კ ”ზესტაფონი”-ს  გენერალური დირექტორი)

დაფინანსდება  ”ზესტაფონი”-ს ბაზის, აღდგენითი ცენტრის, ფიტნეს-დარბაზის, საფეხბურთო სკოლის, აუზის და ფეხბურთელთა სასტუმროს მშენებლობა. გარდა ამისა სტადიონზე რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი დაიწყება, ტრიბუნები ოთხივე მხრიდან შეიკვრება და 15 000 -მდე მაყურებელს დაიტევს. მალე ჩამოგვივა ასაწყობი გასახდელები,  რომელთაც ნოემბერში დავამონტაჟებთ.

მიხარია, რომ მახარაძესთან შევთანხმდით. ექსპერიმენტების დრო დამთავრდა. ამ კაცმა საქმე იცის და დროა, მშვიდ გარემოში იმუშაოს. უახლოეს დღეებში პრეს-კონფერენციას ჩავატარებთ და მას-მედიის საშუალებით პროექტს გულშემატკივრებს გავაცნობთ.

გაზეთი ”სპორტი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005