ინტერვიუ უჩა ლობჟანიძესთან.
ექს-ზესტაფონელი ეროვნულ გუნდში.
საბერძნეთსა და ისრაელთან მიღებული ორი ყვითელი ბარათის გამო, უჩა ლობჟანიძემ მალტის ნაკრებთან თამაში გამოტოვა, ლატვიასთან კი მოედანზე გასვლის უფლება აქვს. ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერმაც დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" საქართველოს ბოლო წლების რეკორდი მოხსნა - 2 მილიონი ევრო. ლობჟანიძე სისტემატურად ხვდება უკრაინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში და უნდა ითქვას, თამაშიც გააუმჯობესა.
ახლახან, ლობჟანიძეს მთავარი მწვრთნელი შეუცვალეს - ვლადიმერ ბესონოვის ნაცვლად, "დნიპროს" ცნობილი სპეციალისტი ხუანდე რამოსი გაწვრთნის და ცხადია, გვაინტერესებს - რა შეიძლება შეიცვალოს 23 წლის მცველისთვის? მოკლედ, კითხვები საკლუბო და სანაკრებო თემებზე დაგვიგროვდა...
- უჩა, ძველ და ახალ ნაკრებებს შორის დიდი განხსვავებაა და თქვენი აზრით, გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება რა არის?
- მნიშვენლოვანი ის არის, რომ ქეცბაიამ დისციპლინა დაამყარა. ფეხბურთელების მიმართ მომთხოვნია, ვარჯიშსა და თამაშის დროს 100 პროცენტით დახარჯვას გვთხოვს. ცხადია, ამან გუნდი შეცვალა.
- ქეცბაიამ პირველ შეხვედრაზე არ მიგიწვიათ...
- მხოლოდ ერთ მატჩი გამოვტოვე ყველა დანარჩენ შეკრებაზე გამომიძახა.
- 100-პროცენტიანი დახარჯვა ახსენეთ, რაც თავადაც გახასიათებთ და ალბათ, ამის გამო გამოგიძახათ...
- ამაზე არ გვილაპარაკია. ფაქტია, რომ მიმიწვია, რამაც ძალიან გამახარა.
- შეგიძლიათ, თქვათ, რომ ნაკრებს უკვე გაუშინაურდით?
- ბევრად უფრო და თავისუფლად ვარ, ვიდრე სადებიუტო შეხვედრაში ვიყავი და ეს ბუნებრივია. პირველ მატჩში ვნერვიულობდი და შებოჭილი ვიყავი, რადგან მთელი ქვეყანა გვიყურებდა და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. თუმცა სწორედ პასუხისმგებლობის გამო, ნაკრებს ვერასდროს გავუშინაურდები. აქ ყოველთვის მობილიზებული და მონდომებული უნდა იყო. ეს მარტო მე კი არა, ყველა ფეხბურთელს ეხება. საერთოდ, ნაკრებთან გაშინაურება არც შეიძლება.
- ლატვიასთან მატჩში საუკეთესო შედეგი რა იქნები?
- კიდევ ერთი გამარჯვება ძალიან გაგვახარებდა, მაგრამ წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. მთავარია, ვიბრძოლოთ და გამოჩნდება, რეალურად რა შეგვიძლია.
- ისრაელის ნაკრებთან ყველაზე სახიფათო მომენტები შენი მონაწილეობით შეიქმნა. აშკარაა, ფლანგიდან ჩაწოდება ისწავლეთ - ამაზე "დნიპროში" საგანგებოდ გავარჯიშებენ?
- ვარჯიში "ზესტაფონშიც" არ მეზარებოდა, მაგრამ ნაკლის გამოსწორებას დრო სჭირდება და კარგია, უკეთესობა თუ მეტყობა. დნეპროპეტროვსკში ვარჯიშის შემდეგ ვრჩები და ჩაწოდებებზე მართლა ბევრს ვმუშაობ. ფლანგის მცველმა ეს კარგად უნდა იცოდეს.
- საკლუბო საქმეებზე ვილაპარაკოთ. "დნიპროს" ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თუ ივარჯიშეთ?
- მისი დანიშვნის დროს, საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს და შეკრებაზე ჩამოვედი. არ ვიცი, ახალი მწვრთნელი რა სტილის მიმდევარია, როგორი გემოვნება და საფეხბურთო შეხედულება გააჩნია. უპირველესად, მაინც ის მაინტერესებს, ჩემ მიმართ რა დამოკიდებულება ექნება. ბესონოვი ყოველთვის მენდობოდა და მათამაშებდა. ისე, ფეხბურთელი ყველა მწვრთნელთან მონდომებული უნდა იყოს და გარჯა არ დაეკარგება...
- თქვენი აზრით, უკრაინაში დასამკვიდრებლად ფეხბურთელს რა თვისებები სჭირდება?
- გააჩნია გუნდს, მწვრთნელს, სტილს... თუმცა, ზოგადად, უკრაინულ ფეხბურთში ბრძოლისუნარიანობა ფასობს.
- იქაურ ფეხბურთს უკვე შეეჩვიეთ?
- ბოლომდე მაინც ვერ შევეჩვიე. თუმცა ბესონოვი მენდობოდა და მათამაშებდა, სათამაშო პრაქტიკა კი ხელს უწყობს ფეხბურთელის ზრდას, მოთამაშე გაცილებით თავდაჯერებული ხდება.
- როგორც გავიგეთ, ჯაბა კანკავამ ვარჯიში განაახლა...
- უკვე ძირითად გუნდთან ერთად, ჩვეულებრივი დატვირთვებით ვარჯიშობს. რაც მთავარია, ნაოპერაციები ფეხი არ აწუხებს, დატვირთვებს უძლებს, მალე მოედანს დაუბრუნდება და დარწმუნებული ვარ, "დნიპროს" ძირითადში ადგილს დაიბრუნებს.
- ქართველი გულშემატკივრისთვის უცნობი ფეხბურთელია "დნიპროს" ნახევარმცველი ლევან არველაძე...
- სათამაშო გრაფიკიდან გამომდინარე, "დნიპროს" დუბლების შეხვედრა ერთხელაც ვერ ვნახე. თუმცა ლევანი ვარჯიშებზე ვნახე და მომეწონა - ტექნიკური, აზრიანი ბიჭია და დუბლების მწვრთნელებიც ძალიან აქებენ...
|