10.10.2010

 

 

 

ამხანაგური მატჩი "ამერზე".

 

 

 

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამოცხადებულია ორკვირიანი სანაკრებო პაუზა. პირველობის ერთპიროვნულმა ლიდერმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ტურნირის განახლებისათვის თბილისში ემზადება, 10 ოქტომბერს საკონტროლო შეხვედრა გამართა. იმერელთა მეტოქე თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” დუბლშემადგენლობა გახლდათ.

 

შეხვედრა თბილისში, ”ამერის” სტადიონზე გაიმართა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იმერულ გუნდს ქვეყნის სხვადასხვა ნაკრებში გამოძახების გამო ერთბაშად 4 ფეხბურთელი (როინ კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი და მამუკა კობახიძე) აკლდა. ეროვნულ და 19-წლამდელთა ნაკრებებში გამოძახებულ ფეხბურთელთა დანაკლისს ირაკლი ძარიას, ზაალ ელიავას, კახაბერ ალადაშვილის და გიორგი ხიდეშელის სხვადასხვა მიზეზის გამო არყოფნაც დაემატა და გუნდს ახალგაზრდა დინამოელებთან დაპირისპირება საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით მოუხდა.

ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მამალაძე (მეშველიანი,58), ბენაშვილი, ონიანი (დვალი, 36), გორგიაშვილი, მაკარიანი, ცხადაია, გრიგალაშვილი (აფციაური, 36), ბაბუნაშვილი, ფიფია, მიქაბერიძე, წინამძღვრიშვილი.

სპარინგ-მატჩი ორი 35-წუთიანი ტაიმისაგან შედგებოდა და სადებიუტო წუთებიდან მოყოლებული უფრო გამოცდილ ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა. ახალგაზრდა დინამოელებს გარჯა უმეტესად დაცვაში უხდებოდათ, თუმცა, მათ სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ისინი არც სახიფათო კონტრქმედებებზე ამბობდნენ უარს. 15-ე წუთზე თბილისელთა ერთ-ერთი ასეთი "ჩხვლეტა" იმერელთა კარის აღებით დასრულდა - თავი ვახტანგ კეკელიამ გამოიჩინა.

პირველი ტაიმის დარჩენილი წუთები და მთელი მეორე ტაიმი ზესტაფონელთა იერიშების "აკომპანემენტით" წარიმართა. გოლის გატანის შესაძლებლობა იმერელთა თითქმის ყველა ფეხბურთელს მიეცა (გამოსარჩევია რატი წინამძღვრიშვილის რამდენიმე უაღრესად სახიფათო მომენტი, როდესაც ბურთი სასწაულებრივად არ შედიოდა ნორჩ დინამოელთა კარში), მაგრამ "ზესტაფონის" ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც დღევანდელ შეხვედრაში თავის გამოჩენა ეწერა, ჯაბა დვალი აღმოჩნდა. მატჩის 51-ე წუთზე იმერელთა ფორვარდმა ისარგებლა თბილისელი მცველების უყურადრებობით და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - ფრე 1-1.

 

 

10/10/2010 - ”ზესტაფონი” - ”დინამო-2” (თბილისი) 1-1


საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 17 ოქტომბერს ქუთაისში გამართავს. იმერულ დერბიში მარგველთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”ტორპედო ” იქნება ...

 

'
   
FC ZESTAFONI © 2005