ინტერვიუ მურთაზ დაუშვილთან.
ეს თამაში უნდა მოვიგოთ!
თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში "ზესტაფონის" საყრდენი ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი პირველად არის გამოძახებული. იმერელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სტაბილურად ასპარეზობდა ახალგაზრდულ ნაკრებში და ექტორ კუპერის მწვრთნელობისას ქვეყნის მთავარ გუნდშიც აქვს ნათამაშები. ჩვენი ინფორმაციით, სულაც არ უნდა იყოს გამორიცხული, რომ მალტასთან 8 ოქტომბრის მატჩის სასტარტოში დაუშვილიც ვიხილოთ. "ზესტაფონის" ნახევარმცველს ვარჯიშის დაწყებამდე გავესაუბრეთ...
- თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას ნაკრებში პირველად ხართ. თავს როგორც გრძნობთ?
- ჩინებულად. ადაპტაციის პრობლემა არ მაწუხებს. გუნდში მეგობრული ურთიერთობა და საქმიანი ატმოსფეროა, რაც ყოველთვის მსიამოვნებს და მივესალმები. მოხარული ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს. ქვეყნის უმთავრეს გუნდში ადრეც ვთამაშობდი, მაგრამ თემურ ქეცბაიამ პირველად გამომიძახა. ყველანაირად შევეცდები იმედები გავამართლო და მჯერა ამას შევძლებ კიდეც. მით უმეტეს, კლუბში ბოლო მატჩი მოვიგეთ და ნაკრებში წარმატებული განწყობით ვარ.
- ვარჯიშები რამდენად მოგწონთ?
- მშვენიერი ვარჯიშებია. ნაკრების თავკაცი ისეთ დავალებებს გვაძლევს, რასაც თანამედროვე ფეხბურთი მოითხოვს. მარტივად და გასაგებად გვიხსნის ყველაფერს.
- ეროვნულში სათამაშოდ რამდენად მზად ხართ?
- დიახ, კარგ ფორმაში ვარ და ეს კლუბში ჩემს თამაშშიც აისახება. ვარჯიშებზეც არ მაკლია მონდომება. ყოველთვის გულიანად ვთამაშობ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულ ნაკრებში ფეხი მოვიკიდო.
- გასაგებია, რომ კარგ ფორმაში ხართ, მაგრამ ფსიქოლოგიურად რამდენად მზად ხართ სათამაშოდ?
- ამ მხრივაც მზად ვარ. ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის სხვა დონეა, მაგრამ ეს ნაკრებში ადრეც ვთამაშობდი და საამისო გამოცდილება გამაჩნია.
- ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაშიც კი მოგიწიოთ თამაში...
- ამისთვისაც მზად ვარ. ჩემი მიზანი სწორედ ესაა - ეროვნულ ნაკრებში ფეხის მოკიდება და სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება. ვითამაშებ თუ არა სასტარტოში, ამას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. თუ მართლაც ძირითადში ვიქნები, თავს არ შევირცხვენ.
- მეტოქეზე რა წარმოდგენა გაქვთ?
- მართალია მალტა ჯგუფში ბოლო ადგილზეა და სულაც უქულოდ არის, მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს. თანამედროვე ფეხბურთში აუტსაიდერი არ არსებობს. მალტელების წინააღმდეგ სრული მობილიზებით და ყურადღებით თამაში გვმართებს. სწორედ ამას გვეუბნებიან მწვრთნელები და პარასკევს ვისაც თამაში მოუწევს, ყველა მაქსიმუმს გაიღებს.
- მარტის შემდეგ ნაკრებს აღარ მოუგია. გულშემატკივარი 8 ოქტომბრის მატჩში გამარჯვებას ელის. რას ფიქრობთ?
- ეს თამაში უნდა მოვიგოთ და იმედი მაქვს ასეც იქნება.
|