ინტერვიუ თორნიკე გორგიაშვილთან.
ეროვნულში მაინც ვითმაშებ!
ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ტალანტები. ვინც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილის თამაშს ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება, რომ ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს.
ნატიფი, ტექნიკური სათამაშო მანერა ტანმაღალი ფეხბურთელებისთვის თითქოს უცხო უნდა იყოს, მაგრამ ის კარგად ათვინიერებს ბურთს და გოლების გატანასთან ერთად გონივრული პასების დარიგებაც ეხერხება. "სიონთან" მისმა გოლმა წერტილი დასვა. შესანიშნავად შევიდა გორგიაშვილი "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრაშიც.
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ძალიან მოეწონა ამ ფეხბურთელის თამაში. მოდით, ახლა უფრო ახლოს გავიცნოთ ახალგაზრდა, რომელსაც არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია.
- ჩემი პირველი მწვრთნელი თამაზ კოსტავაა. "ნორჩ დინამოელში" დავდიოდი, 17 წლისა "ზესტაფონის" დუბლებში აღმოვჩნდი. მაშინ ბატონმა თემურ მახარაძემ შემამჩნია. რაც გია გეგუჩაძე დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, თამაში ხშირად მიწევს.
- ბოლო მატჩებში ნამდვილად კარგად გამოიყურები. ასე იყო "სიონთან" და "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩებში. მეორე სუნთქვა გაგეხსნა თუ რასთან გვაქვს საქმე?
- ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ მართლაც კარგ ფორმაში ვარ. ალბათ მონდომებაც თავისას შვრება. მთავარი კი მაინც ისაა, რომ სამწვრთნელო შტაბიდან დიდ ნდობას ვხედავ.
- არ არსებობს უნაკლო ფეხბურთელი. შენ რა უნდა გამოასწორო?
- უნაკლო, რა თქმა უნდა, არავინაა, მით უმეტეს, არც მე. აუცილებლად უნდა შევიძინო სითამამე. ეს ფეხბურთელს ძალიან სჭირდება.
- როგორც ვიცი, არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ გითამაშია...
- მართლაც, არც ერთ ნაკრებში არ მითამაშია და ამის გამო გული უზომოდ მწყდება. თავს მოვიკლავ, ბევრს ვიშრომებ და ეროვნულში მაინც ვითამაშებ. ეს იქნება მთავარი წარმატება.
- "ზესტაფონის" შიდა სამზარეულოზეც გკითხავ. იქ როგორი ატმოსფეროა?
- ძალიან კარგი. ერთ მუშტად ვართ შეკრულნი, ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ. ესეც არის წარმატების მიზეზი.
- როგორ ფიქრობ, გუნდი მოახერხებს პირველი ადგილის შენარჩუნებას?
- აუცილებლად უნდა მოვახერხოთ. სხვანაირად წარმოუდგენელია. "ზესტაფონი" მომწიფებულია სერიოხული წარმატებისათვის.
- წინა სეზონში რა დააკლდა "ზესტაფონს" ჩემპიონობამდე?
- სტაბილურობა. ჩვენზე სუსტ მეტოქეებთან ვერ ავკრიფეთ საკმაო რაოდენობის ქულები. წლეულს იმავე შეცდომას აღარ გავიმეორებთ. თანაც უკვე ერთი წელი გავიდა, გუნდი მეტადაა შეთამაშებული.
- ევროტურნირებზე მიზნად რა გექნებათ?
- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა. შეიძლება ეს ვინმეს ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ მიზანი მართლაც ეს არის.
- ძალიან კარგი. წლეულს გუნდმა ევროტურნირებზე წარმატებით ითამაშა, თუმცა არც ლვოვის "კარპატის" გადალახვა იყო წარმოუდგენელი.
- შეგვეძლო "კარპატის" გავლა, მაგრამ გამოუცდელობამ დაგვაღალატა. იყო რაღაც ფაქტორები. რა თქმა უნდა, ევროტურნირებზე ჩვენს შედარებით გამოუცდელობას ვგულისხმომ.
|