02.10.2010

 

 

იმერლები თასის მფლობელთა წინააღმდეგ.

 

 

 

 

2010 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნითი, მეცხრე ტურის სასტარტო მატჩები. რუსთავში, სტადიონ ”ფოლადზე”, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული თასის მფლობელ თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას" დაუპირისპირდა.

 

ზესტაფონლეთათვის დღევანდელი შეხვედრა ამ უკანასკნელ რვა დღეში სტუმრად გამართული ზედიზედ მესამე მატჩი გახლდათ. ეროვნული თასის მოქმედ მფლობელთან დაპირისპირების პირველი ნახევარი მარგველთა უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ განსაკუთრებულად სახიფათო მომენტებით დასამახსოვრებელი ტაიმი მაინც ვერ გამოდგა, რაც, გარკვეულწილად, მძიმე სათამაშო გრაფიკითა და ფეხბურთელთა ამ გრაფიკით გამოწვეული გარკვეული გადაღლილობითაც იყო გამოწვეული.

კარდინალურად განსხვავებული გამოდგა შეხვედრის მეორე ნახევარი, სტუმრებმა თამაშის ტემპს მოუმატეს და მასპინძლებს უფრო გაუჭირდათ გამკლავებოდნენ იმერელთა მასირებულ შეტევებს. ზესტაფონელთა ერთ-ერთი მორიგი შეტევის ჩაშლისას ვეტერინარმა დავით მაისაშვილმა მატჩის არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას მეორე ვითელი ბარათი "გამოსტუა" და თავის გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში ანგარიშიც გაიხსნა - 61-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილის მიერ თბილისელთა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი გიორგი ხიდეშელმა ნიკოლოზ გელაშვილს ოსტატურად დაუგორა და ამ უკანასკნელმა უძლიერესი დარტმით თავის გუნდი დააწინაურა. დაწინაურების შემდეგაც სტუმრები აგრძელებდნენ ვეტერინართა კარის "გასაღების" ძებნას და 79-ე წუთზე, თორნიკე გორგიაშვილის მეტად დროული მახვილგონივრული გადაცემის შემდეგ, ჯაბა დვალი მეკარე გიორგი ძაძამიასთან პირისპირ დარჩა და ანგარიში ორამდე მშვიდად გაზარდა. დარჩენილ დროში იმერლებს კიდევ რამდენიმე ეპიზოდში მართებდათ თავის გამოჩენა, თუმცა დიდი ანგარიშით მარცხისაგან მასპინძლები ახალგაზრდა გოლკიპერ გიორგი ძაძამიას თავგანწირულმა თამაშმა იხსნა - 0-2.

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):

გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “ვერ ვიტყვი, რომ მთლიანობაში ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ამას წინაპირობაც ჰქონდა - ამ სეზონში პირველად მოგვიწია ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში. რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, 3 ქულა მოვიპოვეთ და პირველი წრე პირველ ადგილზე დავამთავრეთ”.

 

 

02/10/2010 - ”ვიტ-ჯორჯია” - ”ზესტაფონი” 0-2

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 17 ოქტომბერს ქუთაისში ქვენის სამგზის ჩემპიონ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოსთან” გამართავს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005