01.09.2010

 

 

 

პრევიუ: "ვიტ-ჯორჯია" - "ზესტაფონი".

 

 

 

 

 

ქართული "ბოქსინგ დეი" სრულდება: დღევანდელი და ხვალინდელი მატჩებით... 22-დღიანი "კოშმარიც" მორჩება და, სულ მცირე, ორი კვირით ყველა დავისვენებთ; ჰო, ყველა დავისვენებთ: მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც, მსაჯებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჟურნალისტებიც ...

ისე, მართლაც არ ყოფილა სახუმარო საქმე ლამის ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ოფიციალური მატჩების ჩატარება (თან, ჩვენ მოედნებზე); მაგრამ, ასეა თუ ისე, ჩვენი ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთ უმძიმეს გრაფიკს გაუძლეს და, როგორმე, ერთ დღესაც გაიჭირვებენ. თანაც, IX ტურით ხომ ჩემპიონატის პირველი წრეც მთავრდება და მეორის დაწყებამდე გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება ბევრს ექნება.

 

ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი

გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ "ზესტაფონს" ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი უწევს; წინა 2 შეხვედრა გია გეგუჩაძის გუნდმა წარმატებით ჩაატარა, დღეს კი საკმაოდ რთული მატჩი უწევს გაახალგაზრდავებულ, სახეშეცვლილ, მაგრამ ამის მიუხედავად ძველებურად ამბიციურ "ვიტ ჯორჯიასთან". სხვათა შორის, "ზესტაფონის" 5-წლიანი არსებობის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე უხერხული მეტოქე სწორედ "ვიტ ჯორჯიაა": აქამდე ჩატარებული 17 შეხვედრიდან "ვეტერინარებმა" 9 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაამთავრეს და 5 წააგეს. თუმცა, XXII ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდი ("ზესტაფონი" კი სწორედ ასეთად მიგვაჩნია), ალბათ, ყველა ღონეს იხმარს, რომ ეს უსიამოვნო სტატისტიკა თავისთვის სასარგებლოდ შეცვალოს. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ამ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში "ზესტაფონი" ერთპიროვნული ლიდერობასაც შეინარჩუნებს და პირველი წრის გამარჯვებულიც გახდება.

...ბოლო 5 წლის განმავლობაში "ვიტ ჯორჯიასა" და "ზესტაფონს" შორის არაერთი საინტერესო პაექრობა ჩატარებულა; ისიც კარგად გვახსოვს, საიუბილეო, XX ჩემპიონატში რამაზ მუმლაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ვიტ ჯორჯიამ" სეზონში სამივე მატჩი ერთი და იგივე ანგარიშით (2:)1) რომ მოუგო "ზესტაფონს". აღარაფერს ვამბობთ წინა სეზონის, მართლაც, ერთ-ერთ მთავარ მოულოდნელობაზე: საქართველოს თასის მეოთხედფინალში, "ზესტაფონმა" პირველ მატჩში "ვიტ ჯორჯია" დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ ყოფილა; ყოველ შემთხვევაში, განმეორებითი მატჩის შედეგებს (4:0 - "ვეტერინართა" სასარგებლოდ) ბევრი ნამდვილად არ მოელოდა...


  გია ტუხაშვილი, გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005