სტუმრობა ბოლნისში.
2010 წლის 28 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურის სასტარტო მატჩები. თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონზე ადგილობრივმა "სიონმა" საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
შეხვედრის პირველივე წუთებიდან მოყოლებული ზესტაფონელებმა ძალიან სწრაფი ტემპი შესთავაზეს მასპინძლებს, სტუმართა უპირატესობა მოძრაობასა და ბურთის კონტროლში იოტისოდენა ეჭვსაც არ იწვევდა, თუმცა, იმერელთათვის სამწუხაროდ, მატჩის პირველ ნახევარში ეს უპირატესობა გატანილ გოლებში არ იქნა ასახული.
სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ ზემოიმერელთა მიერ წამოწყებული პირველივე შეტევა გოლით დასრულდა - მურთაზ დაუშვილმა გრძელი პასით მასპინძელთა საჯარიმოს სიახლოვეს თორნიკე აფციაური მოძებნა, ამ უკანასკნელმა ბურთი ოდნავ წინ გაიგდო და მინდია ბობღიაშვილის კარში დაარტყა, ბურთმა სასწაული ტრაექტორია შემოხაზა და თავი ქვემოქართლელთა კარის ბადეში ამოჰყო. ბოლნისელებმა 49-ე წუთზე გაათანაბრეს - ლაშა ნოზაძის შორიდან დარტყმულს როინ კვასხვაძე კი შესწვდა, თუმცა ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და 1-1. ანგარიშის გათანაბრებას მასპინძელთა 10-წუთიანი გააქტიურება მოჰყვა - თამაშის ამ მონაკვეთმა ბოლნისელების არჩათვლილი ( გიორგი ონიანის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო) გოლი და ვლადიმერ უგრეხელიძის სახიფათო დარტყმა (ბურთი მარგველთა კარის ხარიხამ მოიგერია) დაიტია. ამის შემდეგ ინიციატივა ისევ სტუმრებმა იგდეს ხელთ და თავის უპირატესობა ეჭვის ქვეშ მატჩის დასრულებამდე აღარ დაუყენებიათ. 63-ე წუთზე იმერლებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, რომლის დაგვირგვინებაც ჯაბა დვალმა ითავა და თავის გუნდი ისევ დააწინაურა, ხოლო მატჩის არბიტრის ლევან კვარაცხელიას მიერ დამატებულ მეორე წუთზე დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიში გოგი ფიფიას დროული გადაცემის შემდეგ თორნიკე გორგიაშვილმა დააფიქსირა - ზესტაფონელთა გამარჯვება რთულ მეტოქესთან გასვლით შეხვედრაში - 1-3.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “ჩემამდე მოსული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ბოლნისელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, მართალი აღმოჩნდა. “სიონის” სიძლიერეში დღესაც დავრწმუნდი. ჩემი აზრით, მაყურებელი კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო მოედანზე ნაჩვენები თამაშით. ჩემს ფეხბურთელებს კარგ თამაშს და გამარჯვებას ვულოცავ”.
გიორგი ყიფიანი (“სიონის” მწვრთნელი): “სიმართლე გითხრათ, ჩემპიონატის მსაჯობით ზოგადად უკმაყოფილო ვარ, მაგრამ იმ მომენტშზე, როცა ჩვენ გოლი გავიტანეთ და არ ჩაგვითვალეს, ვიდრე ვიდეოფირს არ ვნახავ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ვთვლი, რომ “ზესტაფონი” საქართველოში საუკეთესო გუნდია, რომელმაც დღესაც დაამტკიცა მისი სიძლიერე”.
საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 2 ოქტომბერს რუსთავში თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიასთან” გამართავს.
|