28.09.2010

 

 

 

პრევიუ: "სიონი" - "ზესტაფონი".

 

 

 

 

 

ზედიზედ 3 ტურია, "სიონი" ყურადღების ცენტრშია: ბოლნისურმა გუნდმა ჯერ ზუგდიდიდან წამოიღო ქულა, მერე - ქუთაისიდან, სამიოდე დღის წინ კი პირველი საშინაო გამარჯვებაც მოიპოვა, თან გამარჯვებასაც ხომ გააჩნია - დებიუტანტი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის გუნდმა წინა ტურში თვით თბილისის "დინამო" დაამარცხა (მეოთხედ - 15-წლიანი დაპირისპირების განმავლობაში)! ნუ დაგვავიწყდება, როგორი პრობლემებით შეხვდნენ ბოლნისელები სეზონის დაწყებას - გუნდი ხომ, ფაქტობრივად, ზედ ჩემპიონატის წინ შეიკრიბა და ასეთი მოუმზადებელი ჩაერთო გათამაშებაში...

 

ყოველივე ამის გამოც იყო, რომ ბევრის აზრით, "სიონი" მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებდა, თუმცა 7 ტურია გასული და იმის გარდა, რომ გუნდი მისთვის მართლაც საპატიო VI ადგილზეა, სხვა ორი შედეგითაც თავს იწონებს. თავად განსაჯეთ - ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები წაგებაც და ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლიც სწორედ "სიონს" აქვს. არადა, ის ერთადერთი მარცხიც, ცოტა არ იყოს, მოულოდნელობად გვეჩვენება - ყიფიანის გუნდმა ბევრად ძლიერ მეტოქეებს დააკარგვინა ქულები და ამავდროულად, არაფრით გამორჩეულ "სპარტაკთან"... წააგო, თან - დიდი ანგარიშით.

ვნახოთ, როგორ მოახერხებენ "სიონის" მწვრთნელ-ფეხბურთელები ოთხდღიან ინტერვალში ზედიზედ მეორე გრანდის დამწუხრებას. ბოლნისში დღეს ხომ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ზესტაფონი" ჩადის. 10 სექტემბერი იყო, გია გეგუჩაძის გუნდმა ზუგდიდში რომ წააგო, მაგრამ იმის მერე ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა და სრულიად დამსახურებულადაც გალიდერდა.

იმის გარდა, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი გუნდია, თვალშისაცემია სხვა ფაქტორიც - გრძელი სათადარიგოთა სკამი, რაც მთავარ მწვრთნელს უმტკივნეულო როტაციის საშუალებას აძლევს. სხვადასხვა მატჩში გუნდის ორ-სამ ლიდერს დასვენების საშუალება აქვს, და რაც მთავარია, ყოველივე ამას უარყოფითი შედეგი არ მოაქვს.


დაბოლოს - კალენდრის მიხედვით, ამ წყვილს შორის I წრის მატჩი ზესტაფონში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მოგეხსენებათ, ზესტაფონის სტადიონზე მოედნის საფარის გამოცვლა დაიწყეს და საერთო შეთანხმებით, VIII ტურის მატჩი ბოლნისში ჩატარდება. სამაგიეროდ, მეორე წრის შეხვედრა, კალენდრით გათვალისწინებული ბოლნისის ნაცვლად, ზესტაფონში ჩატარდება.


  გია ტუხაშვილი, გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005