თორნიკე აფციაურის წარმატების ფორმულა.
ვინც საქართველოს ჩემპიონატს თვალს ყურადღებით ადევნებს, დაგვეთანხმება, რომ თორნიკე აფციაური აშკარად გამორჩეულია. მისი ტექნიკური სათამაშო მანერა, პასის დახვეწილი კულტურა და პარტნიორების აყოლიების ნიჭი "ზესტაფონს" წარმატების მიღწევაში ეხმარება.
აფციაურის თამაში არც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დარჩენია ყურადღების მიღმა. თორნიკესთან საუბარი ყოველთვის ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, ამ ფეხბურთელს ძალიან ბევრი უნახავს თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე.
- ხვალ ბოლნისში "სიონის" წინააღმდეგ ძალიან რთული შეხვედრა გელით. როგორ მოემზადეთ ამ მატჩისთვის?
- გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ერთიმეორეს მიყოლებით მოვიგეთ თამაშები, რამაც მომავლის იმედით აგვავსო. ბუნებრივია, ბოლნისში რთულია თამაში. ეს ასე იყო ადრეც. ჩვენი მიზანი მხოლოდბ გამარჯვება იქნება ამ შეხვედრაში. ლიდერები ვართ და შესაბამისი ფეხბურთიც უნდა ვითამაშოთ.
- "სიონისთვის" სახლში უნდა გემასპინძლათ. ახლა ეს მატჩი ბოლნისში გაიმართება. წინა ტურშიც სამტრედიაში ითამაშეთ. ცოტა რთული ხომ არ არის ასეთი გრაფიკისთვის ფეხის აწყობა?
- ზესტაფონის სტადიონზე მინდვრის ახალი საფარი იგება. ამის გაკეთება აუცილებელია. როგორც იცით, ჩვენი საფარი მთელ საქართველოში საუკეთესო იყო, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში დავტოვეთ, რომ მასზე ფეხბურთის თამაში არ შეიძლებოდა. ეგ არაფერი, ახლა ბოლნისში ვითამაშებთ, მაგრამ მერე "სიონი" სტუმრად გვეწვევა ზესტაფონში. ასე რომ, ამაში ვერც მე ვხედავ პრობლემას და ვერც დანარჩენი გუნდი.
- ნამდვილად მისასალმებელია ის, რომ კლუბის ხელმძღვანელობა გლობალურად უდგება საფეხბურთო საკითხებს. "ზესტაფონის" მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა არ არის, მაგრამ ალბათ უახლოესი მიზანი სწორედ ესაა.
- დიახ, მართალი ბრძანდებით, უახლოესი მიზანი სწორედ ესაა. ბოლოს და ბოლოს, თუ ჩემპიონები ვერ გავხდით, ვერც ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებთ. მეორეც, გულშემატკივრებს ძალიან უნდათ, რომ ბოლომდე დავრჩეთ ცხრილის სათავეში და ოქროს მედლები მოვიპოვოთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ორივე ფრონტზე თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ. არანაირი პრიორიტეტი არ არსებობს. "ზესტაფონისთვის" მნიშვნელოვანია როგორც ჩემპიონობის მოპოვება, ისე თასის დაუფლება.
- წლეულს გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგად გამოიყურება. გარდა ამისა, "ზესტაფონი" შედარებით სუსტ მეტოქეებთან ქულების გაფლანგვას გადაეჩვია. ეთანხმები ამ შეფასებას?
- დიახ, აბსოლუტურად. ფიზიკურად მართლაც ძალიან კარგად ვართ მომზადებულები. საგანგებოა მოტივაციაც. საქართველოს ჩემპიონატი მეტად თავისებური ტურნირია. თუ ერთ წამს მოდუნდი, შეიძლება ფეხი დაგიცდეს. ეს კი შარშანდელ სეზონში არაერთხელ მოგვივიდა და ამის გამეორებას აღარ ვაპირებთ.
- როგორ ფიქრობ, საით მიდის საქართველოს ჩემპიონატი, წინ თუ უკან?
- ალბათ მეტ-ნაკლებად მაინც ადგილზე დგას. ხელშესახებ წინსვლას ვერ ვხედავ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ჩემპიონატს ლეგიონერები უბრუნდებიან. მაგალითად, იგივე დავით მუჯირი ავიღოთ. ასეთი ფეხბურთელების დაბრუნება აშკარად წაგვადგება, მაგრამ ისიცაა, რომ სანამ გარკვეული პრობლემები არ მოგვარდება, მანამდე ჩვენს ჩემპიონატში პროგრესის მიღწევა ძალიან გაჭირდება.
- რას გულისხმობ?
- უპირველეს ყოვლისა, სათამაშო მინდვრების ხარისხს. რა მაღალი კლასისაც არ უნდა იყოს ფეხბურთელი, ასეთ მინდვრებზე ფეხბურთს ვერ ითამაშებს. იქ კლასი თანაბრდება. ჩვენთვის ძალიან რთულია ასეთ მინდვრებზე თამაში. კარგად იცით, "ზესტაფონი" როგორი გუნდია. ტექნიკურად ვთამაშობთ, ბურთის გაგორება გვიყვარს. ესეც რომ არ იყოს, ახალ თაობაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ. ასეთ მინდვრებზე რთულია ფეხბურთელი გაიზარდოს. აბა როგორ უნდა განიცადოს პროგრესი, როცა ბურთი მინდორზე ხეირიანად არ გორავს. არის მეორე მომენტიც - ფინანსური კეთილდღეობა. აზერბაიჯანზე მეტი ნამდვილად შეგვიძლია. მათი საშუალო გუნდების პირობები რომ ჰქონდეს ჩვენს კლუბებს, საქმე უკეთესად იქნებოდა. ახლა კი... "ნეფთჩის", "ინტერს" და "ხაზარს" არ ვგულისხმობ, საშუალო კლუბები მყავს მხედველობაში.
- ალენ ჟირესის შემდეგ თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ისევ გიხმო. როგორ დაახასიათებ მას, როგორც მწვრთნელს?
- თემური რომ ყველა ქართველისთვის სამაგალითო ფეხბურთელია, ამაზე ლაპარაკი არც შეიძლება იყოს. როგორც მწვრთნელი, იგი ძალიან მცოდნეა და უზომოდ მოტივირებული. გარდა ამისა, ფეხბურთელის სატკივარს აყენებს პირველ ადგილზე, ჩვენი ენით გველაპარაკება და ყოველთვის სტკივა ჩვენი სატკივარი. ამის დამსახურებაცაა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ბოლო დროს აქვს.
|