კიდევ ერთი დერბი.
2010 წლის 24 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს დაუპირისპირდა.
მორიგი იმერული დერბის საწყისი წუთები სტუმართა უდიდესი უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელებმა ეს უპირატესობა კარგად გამოიყენეს და უკვე 19-ე წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ: 14-ე წუთზე თორნიკე აფციაურმა გამოზომილი დარტყმით შეხვედრაში ანგარიში გახსნა, ხოლო 19-ეზე გიორგი ონიანმა საჯარიმოდან ბურთი სამტრედიელთა კარის "ცხრიანში" გაახვია . ზესტაფონელები ამის შემდეგაც ფლობდნენ მატჩის სადავეებს, თუმცა 32-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღეს - შოთა ჩომახიძის მიერ შესრულებული დარტყმის შემდეგ ბურთი სტუმართა "ცოცხალ კედელში" მყოფ ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა, ფრენის ტრაექტორია შეიცვალა და როინ კვასხვაძისაგან საპირისპირო კუთხეში ამოჰყო თავი. ტაიმის ბოლო წუთებში მარგველებმა სამტრედიელთა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს, რამდენიმე ეპიზოდში ძალიან ახლოს იყვნენ კიდეც მიზანთან, მაგრამ პირველი ნახევრის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმიც ზემოიმერელთა კარნახით წარიმართა, მაგრამ საგოლე ზესტაფონელთა მხოლოდ ერთი კომბინაცია აღმოჩნდა, 72-ე წუთზე თორნიკე აფციაური კარგი გადაცემით ჯაბა დვალმა (ისევე, როგორც ზესტაფონელთა პირველი საგოლე კომბინაციისას) მოამარაგა და თორნიკემ შანსი მშვენივრად გამოიყენა - 1-3 .
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი"): "შედეგით კმაყოფილი ვარ. თამაშის ხარისხით კი არა. თუმცა ასეთ მინდორზე ტექნიკური ფეხბურთის ჩვენება შეუძლებელია".
გელა სანაია("სამტრედია"): "მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. ისინი ყველა კომპონენტში გვჯობდნენ, თუმცა ჩვენ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ამაში გასაკვირი არაფერია. სიტუაცია ნელ-ნელა რეგულირდება და იმედი მაქვს მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება".
საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 28 სექტემბერს ბოლნისში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”სიონთან ” გამართავს.
|