გამარჯვება ფოთელებთან შეხვედრაში.
2010 წლის 19 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ფოთის ”კოლხეთს” უმასპინძლა ...
მატჩი პირველივე წუთებიდან ზესტაფონელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა, პირველ ტაიმში სტუმართა კარის დალაშქვრა არაფრით არ მოხერხდა. არადა, იმერლებს ანგარიშის გახსნა ნამდვილად მართებდათ - გამოსარჩევია გიორგი ონიანისა და თორნიკე აფციაურის ძალიან სახიფათო დარტყმები ...
ფოთელი ფეხბურთელები ცდილობდნენ ზესტაფონელთათვის კონტრიერიშებით ეპასუხათ, თუმცა ამ მცდელობებს მასპინძელთა კართან განსაკუთრებული ხიფათი არ შეუქმნია.
ის, რაც პირველ ტაიმში ვერ მოხერხდა, მეორეში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოახერხეს. 57-ე წუთზე ჯაბა დვალმა რატი წინამძღვრიშვილი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე და ამ უკანასკნელმა ბურთი მეტოქის კარში აუღელვებლად გადაგზავნა, ხოლო მატჩის მიწურულს (83-ე წუთზე) კი უკვე ჯაბა დვალმა თორნიკე აფციაურის ოსტატური გადაცემა შეირგო და თავური დარტყმით დღევანდელ შეხვედრას კანონზომიერი წერტილიც დაუსვა - ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
ბესიკ შეროზია ("კოლხეთი"): "დაძაბული მატჩი იყო. ვცდილობდით, მეტოქისათვის სათამაშო სივრცე შეგვეზღუდა. პირველ ტაიმში ეს გამოგვივიდა, მეორეში კი, ძლიერმა მეტოქემ თავისი გაიტანა. მთლიანობაში, ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ".
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი"): "იოლი თამაში არ ყოფილა, მეტოქემ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. მოხარული ვარ, რომ ბიჭებმა საბრძოლო სულისკვეთება გამოავლინეს და საჭირო 3 ქულის მოპოვება შეძლეს".
|
19/09/2010 - ”ზესტაფონი” - ”კოლხეთი” (ფოთი) 2-0 |
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრას ”ზესტაფონი” 24 სექტემბერს სამტრედიაში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ ” გამართავს. |