პრევიუ: "ზესტაფონი" - "კოლხეთი" (ფოთი).
ახალ სეზონში ხვალ მეორე შემთხვევა გველოდება, როცა ტურის ყველა მატჩი ერთსა და იმავე დღეს რომ უნდა ჩატარდეს; ოღონდ, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი, ალბათ, უკვე მიეჩვია იმ ფაქტს, რომ თამაშები სხვადასხვა დროს ტარდება; ჩემპიონატის დებულებით სექტემბერში შეხვედრები 16 საათზე კი უნდა დაიწყოს, მაგრამ გათამაშების რეგლამენტში ისიც არის მითითებული, რომ საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, გუნდებს მატჩების ჩატარება ხელოვნური განათების ქვეშ შეუძლიათ.
აქედან გამომდინარე, აღარც გვიკვირს, "ზესტაფონი" და "ტორპედო" თავიანთ შეხვედრებს უფრო გვიან რომ ატარებენ. აი, "დინამომ" კი ამ სეზონში პირველად თქვა უარი "ღამის თამაშებზე" და "სამტრედიას" ჩვეულებრივ დროს უმასპინძლებს. რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონს, "ოლიმპის" კვლავაც აგრძელებს "ორიგინალობას": ამ სეზონში თითქმის ყველა საშინაო მატჩი... სხვადასხვა დროს დაიწყო! თუმცა, ყოველივე ზემოთქმული მაინც უმნიშვნელო ფაქტორად მიგვაჩნია: კვირისთვის არც პაპანაქება სიცხეა ნავარაუდევი და არც - კოკისპირული წვიმები. ანუ, ფეხბურთელებს უამინდობამ ხელი არ უნდა შეუშალოთ, მსაჯებსაც მეტ-ნაკლებად ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება მოეთხოვებათ, მწვრთნელებს ემოციების დაოკება მართებთ და ასე შემდეგ. აქვე, ბარემ ისიც ვისურვოთ, რომ თბილისსა და რუსთავში ჩასატარებელ მატჩებს... ცარიელი ტრიბუნების წინ არ ჩაევლოს; ჰო, სამწუხარო რეალობას უკვე მივეჩვიეთ: სამივე სტადიონზე (თბილისში "ეროვნულსა" და "მიხეილ მესხზე" პლუს რუსთავში "ფოლადზე"), საერთო ჯამში... 1500 კაციც რომ მოვიდეს, ვიტყვით, გარკვეული ინტერესი გაჩნდაო. საბედნიეროდ, იმავე ზესტაფონსა და ნაწილობრივ, ქუთაისში ეს პრობლემა არ არსებობს (ანალოგიური სიტუაციაა სამტრედიაში, ზუგდიდსა და ფოთში) და ნეტავ, მსგავსი სურათი თბილისსა და რუსთავშიც ვნახოთ. არადა, მართლაც კურიოზულ სიტუაციას წააგავს: "დინამო" და "ოლიმპი" ჩემპიონატის ლიდერები არიან, მაგრამ... უქომაგო ლიდერები ჰქვიათ...
ზესტაფონი-კოლხეთი
"ზესტაფონს" სამი დღის წინ უმძიმესი "იმერული დერბი" ჰქონდა "ტორპედოსთან" და ბუბა დაუშვილის "დუბლის" წყალობით გაიმარჯვა. "ტორპედოსთან" ჩატარებულ იმ მატჩში ბევრს გაუკვირდა "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის გადაწყვეტილება, როცა გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა.
თუმცა არანორმალურად მჭიდრო კალენდრიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დამტკიცდა ("ზესტაფონის" მაგალითზე), მეტ-ნაკლებად ამბიციურ გუნდს გრძელი სათადარიგოთა სკამი რომ უნდა ჰქონდეს. აი, ამ მხრივ კი, "ზესტაფონის" ერთგულ ქომაგებს საქმე სანერვიულოდ არ ექნებათ - გუნდში 23-25 არა, მაგრამ 17-18 მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის ფეხბურთელი ნამდვილად არის. ამით კონკურენციაც იზრდება და ტრავმირებულ თუ დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელთა უმტკივნეულოდ შეცვლაც ხერხდება; აღარაფერს ვამბობთ იმ მეტად მნიშვნელოვან ფაქტორზე, როცა მეტოქემ არც კი იცის, თუ რომელი ფეხბურთელ(ებ)ისგან ელოდოს საფრთხეს...
"ზესტაფონმა" 3 საშინაო მატჩი ჩაატარა და სამივეში გაიმარჯვა, "კოლხეთმა" სტუმრად 2 შეხვედრა ჩაატარა და ორივეჯერ ფრე გაახერხა; ამ მაჩვენებლების გარდა ყურადღება იმასაც უნდა მივაქციოთ, რომ "ზესტაფონს" ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, "კოლხეთი" კი უმაღლეს ლიგაში დაცვაში საიმედო თამაშით გამოირჩევა.
უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონი" და "კოლხეთი" ერთმანეთს ექვსჯერ შეხვედრიან და ხვალინდელ მატჩამდე აბსოლუტური თანაფარდობაა: მეტოქეებმა 3-3 შეხვედრა მოიგეს. "ზესტაფონს" მხოლოდ და მხოლოდ ბურთების სხვაობაში (ისიც, მინიმალური) აქვს უპირატესობა: 8-7.
|