16.09.2010

 

 

ინტერვიუ მურთაზ დაუშვილთან.

ჩვენ ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით.

 

 

 

 

გამოტოვებული პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად საიტმა ”Goli.ge”-მ ზემოიმერელთა ფეხბურთელი მურთაზ დაუშვილი დაასახელა. გთავაზობთ ინტერვიუს იმერელთა ნახევარმცველთან, რომელიც ამ საიტზე დღეს გამოქვეყნდა.

 

 - გუშინდელი მატჩის შესახებ რას იტყვი?

 - "ტორპედოს" საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს. კარგი, დაძაბული თამაში იყო, ვფლობდით უპირატესობას, რაც საბოლოოდ მეორე ტაიმში გატანილ გოლებში აისახა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ გოლების ავტორი მე გავხვდი.

 - გოლების გატანა შენი პრეროგატივა არ არის და რას იტყვი ამ გოლებთან დაკავშირებით?

 - სტანდარტული სიტუაციების დროს მე ყოველთვის ვერთვები შეტევაში და ამჯერადაც ასე იყო. დაინიშნა ჯარიმა, ჩავედი მეტოქის საჯარიმო მოედანში და გავათანაბრე ანგარიში.  ანალოგიურად გავიტანე მეორე გოლიც.

 - "ზესტაფონმა" სეზონი ისე ვერ დაიწყო, როგორც საჭირო იყო, რა არის ამის მიზეზი?

 - არა მგონია, რომ სეზონი ცუდად დაგვეწყოს. ჩვენ ყველა თამაში კარგად ჩავატარეთ, მესამე ადგილზე ვიმყოფებით და პირველ ადგილზე მყოფი გუნდისგან ერთი ქულა გვაშორებს.

 - ქეცბაიას თვალთახედვის არეში მოხვდი,  სავარადუდოდ, მალტის ნაკრებთან გამოგიძახებს ...

 - ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც ასეთი წარმატებული ფეხბურთელი და არანაკლებ წარმატებული მწვრთნელი როგორიც თემურ ქეცბაიაა, ყურადღებას აქცევს ჩემს თამაშს. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის მიზანია ეროვნულ ნაკრებში თამაში და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ამის საშუალება მომეცემა.

 - რა მიზნებს ისახავს "ზესტაფონი" ამ სეზონში?

 - ჩვენ ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით და წელსაც შევეცდებით საქართველოს ჩემპიონატისა და თასის მოგებას, ხოლო შემდეგ კი ევროთასებზე წარმატების მიღწევასაც.

 - უშუალო კონკურენტებად ვინ მიგაჩნია?

 - ჯერჯერობით რთულია ვინმეს გამოყოფა. ვერ ვიტყვი  რომ რომელიმე გუნდი აშკარა ფავორიტი ან აუტსაიდერია. ყველა გუნდს აქვს შანსი გახდეს საქართველოს ჩემპიონი და საბოლოოდ ჩემპიონი სწორედ ის გახდება, ვინც ამას ყველაზე მეტად მოინდომებს.


www.goli.ge
   
FC ZESTAFONI © 2005