16.09.2010

 

 

 

უკრაინელი სპეციალისტი ზესტაფონში.

ზესტაფონში მალე ახალი საფარი დაიგება.

 

 

 

 

 

კარგი მაგალითი გადამდები უნდა იყოს. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მინდორი მთელ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამის მიუხედავად, ბოლო დროს გაუთავებელმა სიცხეებმა ბალახის საფარის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა. კლუბის ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ მიიღო ზომები შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად. სანამ დეტალებზე ვისაუბრებდეთ დავძენთ, რომ კარგი იქნება, თუ იმერელთა მაგალითს სხვა კლუბებიც მიბაძავენ. დასამალი არავისთვისაა, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცუდი მოედნებია.


ახლა მთავარზე გადავიდეთ. ზესტაფონში სტუმრად იმყოფება უკრაინელი სპეციალისტი ვადიმ მეშჩერიაკოვი. მას კარგად იცნობენ როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საკმარისია აღინიშნოს, რომ ევრო-2012-ის მასპინძელი სტადიონების მინდვრები სწორედ იმ ფირმამ დააგო, რომელსაც ეს პიროვნება წარმოადგენს. რაც შეეხება თავად მეშჩერიაკოვს, სწორედ მისი თაოსნობით დაიგება მინდვრის ახალი საფარი ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე. ახლა უმჯობესია სიტყვა მივცეთ ჩვენს უკრაინელ სტუმარს.


- მე წარმოვადგენ კომპანია "ლიდია-პარკს". ჩვენ გავაკეთეთ ვალერი ლობანოვსკის სახელობის კიევის სტადიონის მინდვრის საფარი. ასევე იმ სტადიონების მინდვრები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობენ. ზესტაფონში კლუბის პრეზიდენტის, ბატონ ილია კოკაიას მიწვევით ვიმყოფები.


- როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება?


- ზესტაფონი სამრეწველო ქალაქია. აქ ფეხბურთი ძალიან უყვართ. მინდორი მართლაც ვერ დაგვხვდა იდეალურ დღეში, მაგრამ ამას მოევლება. ზოგადად საქართველოში მინდვრების პრობლემაა. მე ვნახე დიღმის ბაზა, ეროვნული სტადიონი, სადაც ნაკრები თამაშობს. ეს პრობლემა მართლაც არსებობს.


- ფაქტია, რომ ზესტაფონს ერთ-ერთი საუკეთესო საფარი აქვს მთელ საქართველოში, მაგრამ მისი მდგომარეობა ბოლო ხანს მკვეთრად გაუარესდა. რა გახდა ამის მიზეზი? დიდი სიცხეები ხომ არა?


- მარტო სიცხის ბრალი არ არის ეს ყველაფერი. თურქული საფარი ძირითადად ლანდშაფტის გასალამაზებლად გამოიყენება. სწორედ ასეთი საფარია აქ დადებული. ახლა მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები იმისთვის, რათა აქ ფეხბურთის ნორმალურად თამაში გახდეს შესაძლებელი. ვამაგრებთ დრენაჟს, ვცდილობთ, ბალახის თესლი მიწაში დავამაგროთ. აი, მომავალი წლისათვის კი აუცილებლად დაიგება ბალახის ახალი საფარი. ეს იქნება ამერიკული ბალახის თესლი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში. ჩვენ გამოვიყენებთ ფირმა "ჟაკლინის" ნაწარმს.


- მინდვრის ახალი საფარი მშენებარე ბაზაზეც დაიგება?


- რა თქმა უნდა, ასე იქნება. სამი მოედან შენდება ბაზაზე. მოკლედ ძალიან შრომატევადი, ნაყოფიერი სამუშაოა. ისიც უნდა
აღვნიშნო, რომ აქ ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი. გვერდში გვიდგას როგორც გულშემატკივარი, ისე კლუბის ხელმძღვანელობა. ახალგაზრდული გუნდის წარმომადგენლებიც კი გვეხმარებიან. ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა ფეხბურთის სიყვარული.


- ბალახის ახალ საფარს გარანტია თუ ექნება?


- რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გარანტიით ვაკეთებთ.


ალეკო კაკაურიძე, გაზეთი ”ოლიმპი”
   
FC ZESTAFONI © 2005