15.09.2010

 

 

"თრილერი" იმერულად.

 

 

 

 

2010 წლის 15 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის გამოტოვებული პირველი ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ქუთაისის ”ტორპედოს” ...

 

დღევანდელი შეხვედრის სადებიუტო ნაწილი წარმატების მომტანი სტუმართათვის აღმოჩნდა. ქუთათურთა ერთ-ერთი პირველივე შეტევა (8-ე წუთი) თენგიზ ჩიკვილაძის მიერ ზესტაფონელთა კარში გატანილი გოლით დასრულდა. მასპინძლებმა გასათაბრებლად შეუტიეს, თუმცა, მარგველთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, პირველი ტაიმი სტუმართა მინიმალური უპირატესობით დასრულდა ...

მეორე ნახევრის დასაწყისში გია გეგუჩაძემ ცვლილებებს მიმართა და მოედანზე კახა ალადაშვილი, ნიკა გელაშვილი და თორნიკე აფციაური შეიყვანა. ზესტაფონელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს ქუთაისელთა კარს და 70-ე წუთზე, თორნიკე აფციაურის კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, მურთაზ დაუშვილმა ბურთი სტუმართა კარის ბადეში ლამაზი თავური დარტყმით გადაგზავნა. გატანილი გოლის შემდეგ ზემოიმერლებმა კიდევ უფრო უმატეს თამაშის ტემპს და რამდენიმე ეპიზოდში ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი ჯაბა დვალის ის მომენტია, როდესაც მარგველთა ფორვარდი მაქსიმე ქვილითაიასთან პირისპირ აღმოჩნდა, გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ სტუმართა გოლკიპერმა სასწაულებრივად იხსნა თავისი გუნდის კარი. ზესტაფონელი ქომაგის გასახარად, ზესტაფონელებმა სამი ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს - მიმდინარეობდა არბიტრ მალხაზ ბეუქლიშვილის მიერ პირველი კომპენსირებული წუთი, როდესაც კახა ალადაშვილის დიდოსტატური გადაცემის შმედეგ დღევანდელი მატჩის გმირად ქცეულმა მურთაზ დაუშვილმა მშვენივრად ისარგებლა და კიდევ ერთი თავურით ზემოიმერლებს ესოდენ საჭირო გამარჯვება მოუტანა - 2-1.

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):

ნესტორ მუმლაძე("ტორპედო"): "საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვიდა. მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, სამწუხაროდ სტანდარტული სიტუაციებიდან გავუშვით. არადა, ქულის მოპოვება შეგვეძლო".
გია გეგუჩაძე("ზესტაფონი"): "ძალიან რთული მატჩი გამოგვივიდა. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, სწორედ ამის წყალობით მოვიპოვეთ 3 ქულა. "ტორპედომ" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, ეს გუნდი  მოუმატებს კიდევ. ძალიან კარგი სპეციალისტი უდგას სათავეში, მაგრამ გუნდის გაკეთებას დრო სჭირდება".     

 

 

15/09/2010 - ”ზესტაფონი” - ”ტორპედო” (ქუთაისი) 2-1

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრას ”ზესტაფონი” 19 სექტემბერს შინ ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთთან ” გამართავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005