14.09.2010

 

 

პრევიუ: "ზესტაფონი" - "ტორპედო" (ქუთაისი).

 

 

 

ამ ტურით XXII ჩემპიონატი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სანაკრებო ინტერესებიდან გამომდინარე დღეისათვის გადმოიტანეს. ამას გარდა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ იმ დროისათვის (აგვისტოს დასაწყისში) თბილისის "დინამო" და "ზესტაფონი" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის  მატჩებს ატარებდნენ და საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელობამ I ტურის გადატანით აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, ამის გამო გუნდებს ერთობ შემჭიდროებულ გრაფიკში მოუწევთ ასპარეზობა, მაგრამ, არა უშავს - ჯერჯერობით ხომ სეზონის დასაწყისია და, წესითა და რიგით, გადაღლილობასა თუ სხვა ფაქტორებზე ვერავინ დაიჩივლებს.

გამოტოვებული, I ტურის ყველა მატჩი დღეს ჩატარდება, თუმცა სხვადასხვა დროს; ოღონდ, ეს უკვე არახალი ამბავია, როცა "დინამო" და "ზესტაფონი" საშინაო მატჩებს ხელოვნური განათების ქვეშ ატარებენ; "ოლიმპი" კი რუსთავში სტუმრად ჩამოსულ გუნდებს მართლაც "ორიგინალურად" მასპინძლობს: I ტაიმი "ბუნებრივ" შუქზე მიმდინარეობს, შესვენების შემდეგ კი პროჟექტორები ჩაირთვება-ხოლმე. ოღონდ, პროჟექტორების სიმძლავრე რომ აშკარად არასაკმარისია, "ოლიმპი"-"დინამოს" მატჩმაც დაადასტურა.
სხვათა შორის, ძალიან დიდი შანსია, რომ სატურნირო ცხრილში ამ გამოტოვებული ტურის შემდეგაც... მრავალხელისუფლებიანობა იყოს; ყოველ შემთხვევაში, დიდია იმის ალბათობა, რომ, სულ მცირე, სამი გუნდი ერთნაირი ქულებით ლიდერობდეს ...

ზესტაფონი-ტორპედო

ოთხი დღის განმავლობაში ზედიზედ მეორე "იმერული დერბი" გველოდება და ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი ინტერესით ელოდებიან ამ პრინციპულ დაპირისპირებას ზესტაფონელი თუ ქუთაისელი გულშემატკივრები. თანაც, წინა ტურში ორივე გუნდმა წააგო და "ზესტაფონს" ეს მარცხი თუ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა, "ტორპედო" სულაც... გამოკვეთილ აუტსაიდერად დარჩა!
სხვათა შორის, ახალი სეზონის ყველაზე დიდ მოულოდნელობად სწორედ "ტორპედოს" არადამაჯერებელი სტარტი უნდა მივიჩნიოთ: უმაღლეს ლიგაში "ხმაურითა" და სერიოზული ამბიციებით დაბრუნებულ გუნდს ფეხბურთის ქომაგთა უმრავლესობა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტობას უწინასწარმეტყველებდა; არადა, 4 ტურია გასული და უმაღლეს ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ "ტორპედოა", გამარჯვება რომ არ მოუპოვებია.
აი, ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის "თანხლებით" მოუწევს რამაზ მუმლაძეს თავისი გუნდის მობილიზება მეტად და მეტად ძლიერ და არანაკლებ ამბიციურ მეტოქესთან. რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, რომ ყველა "აუცილებელი და საკმარისი" პირობის გათვალისწინებით სწორედ "ზესტაფონია" საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდი. მწვრთნელისა თუ ფეხბურთელთა კვალიფიკაცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ერთგული ქომაგები, - "ზესტაფონს" დასაწუნი არაფერი აქვს. ერთადერთი, ალბათ, გუნდს მეტი სტაბილურობა მოეთხოვება; თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ სეზონის დასაწყისის მიუხედავად, XXII ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მაინც გია გეგუჩაძის გუნდი მიგვაჩნია.
"ზესტაფონი" და "ტორპედო" უმაღლეს ლიგაში რვაჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და უპირატესობა დღევანდელ მასპინძელთა მხარეს არის: 5 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდში სხვადასხვა დროს არაერთ ფეხბურთელს უთამაშია: ზურაბ იონანიძეს, დავით ჯანაშიას, დავით გამეზარდაშვილს, გია იმედაძეს, კახა ჩხეტიანს, ლევან კორღალიძეს, თენგიზ ჩიკვილაძეს, გაგა ჩხეტიანს, სევასტი თოდუას. ამათ გარდა, ცალკე უნდა აღვნიშნოთ "ტორპედოს" ერთ-ერთი ახალწვეული ნიკოლოზ კვასხვაძე, - დღეს ყოფილი თანაკლუბელებისა და ... ძმის, "ზესტაფონისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარის როინ კვასხვაძის წინააღმდეგ რომ უნდა იასპარეზოს ...

 

  გია ტუხაშვილი, გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005