09.09.2010

 

 

სანქციები და უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება.

 

 

 

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს გამართული "ზესტაფონისა" და ლვოვის "კარპატის" უეფას ევროპის ლიგის მატჩის მიმდინარეობისას "დავით აბაშიძეზე", სამწუხაროდ, ორი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. მატჩზე მივლინებულ უეფას დელეგატს არ გამორჩენია ის ამბავი, რომ უსაფრთხოების ორგანიზება-უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა სტრუქტურებმა არ აღკვეტეს სტადიონზე რამდენიმე ასეული უბილეთო გულშემატკივრის შემოსვლა, რომლებიც აკრძალულ ზონაში (კარებებს უკან) განლაგდნენ. გარდა ამისა, მოხდა ინციდენტი, რომელიც ზესტაფონელთათვის ძალიან სერიოზული პრობლემების შექმნით იყო საშიში. საუბარია ტრიბუნიდან მინდორზე ნასროლ სხვადასხვა საგნებზე ...

 


ქართული სპორტული მედია უკვე წერდა ამ ამბებზე, რომელთაც შეიძლებოდა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისთვის" მართლაც შორსმიმავალი უარყოფითი შედეგი მოჰყოლოდა. ვაიგულშემატკივრის მიერ მოედანზე ნასროლ ბოთლს ზესტაფონში წლების განმავლობაში მიმდინარე საფეხბურთო ზეიმისა და აღმავლობის შეწყვეტა შეეძლო.


რამდენიმე დღის წინ უეფას დისციპლინარებმა გამოიტანეს თავის ვერდიქტი, რომლის შესახებ იმერლებსაც ეცნობათ. სასიხარულოა, რომ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" და დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონი დისკვალიფიკაციასა და ევროპული ფეხბურთიდან მოჰკვეთას გადაურჩნენ, სამაგიეროდ ვერ გადაურჩა ფულად სანქციებს კლუბის ბიუჯეტი.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობისა და სტადიონის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დაიგეგმა რიგი ღონისძიებებისა სტადიონზე სექტორების მიხედვით გულშემატკივართა განთავსების, აკრძალულ ზონებში გულშემატკივართა თავმოყრის გამორიცხვის, სტადიონზე შემოსვლისა და იქ ქცევის წესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიმართულებებით. ამ ღონისძიებების დეტალების შესახებ გულშემატკივრებს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ვებ-გვერდის, პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით დამატებით ეცნობებათ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005